დავით კაკაბაძის დაბადებიდან 135 წელი გავიდა

დავით კაკაბაძის დაბადებიდან 135 წელი გავიდა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს დავით კაკაბაძის ხსოვნას და განუზომელ ღვაწლს, რომელიც მან დასდო ქართული კულტურის განვითარებას.
დავით კაკაბაძე ქართული მოდერნისტული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი და ხელოვნების გამორჩეული მოღვაწეა.
დავით კაკაბაძის შემოქმედებაში მე-20 საუკუნის მოდერნისტული ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობა და მხატვრული მეთოდი აისახა. იგი ქმნიდა აბსტრაქციებს, კოლაჟებს, კუბისტურ და კონსტრუქტივისტულ კომპოზიციებს, ამასთანავე, რჩებოდა გამორჩეულად თვითმყოფად ქართველ შემოქმედად.
განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით კაკაბაძის მოღვაწეობა საზღვარგარეთ ყოფნის დროს. მან აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა დაიწყო რუსეთში, სადაც ცნობილ მხატვარ პაველ ფილონოვთან ერთად დააარსა სამხატვრო გაერთიანება. საქართველოში დაბრუნებულმა 30 წლის მხატვარმა ხელოვანთა საზოგადოების ყურადღება მიიქცია და მიიღეს გადაწყვეტილება, იგი ლადო გუდიაშვილთან ერთად გაეგზავნათ პარიზში, რათა იქ გასცნობოდა თანამედროვე ხელოვნებას. საფრანგეთში გატარებულმა წლებმა შემოქმედს დიდი გამოცდილება შესძინა.
პარიზში გამოიცა მხატვრის არაერთი თეორიული ნაშრომი ხელოვნების შესახებ, რომლებიც, ფაქტობრივად, არის პირველი ნაშრომები ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში. დავით კაკაბაძემ შექმნა უსათვალო კინოსაპროექტო სტერეოაპარატი. 1922-1925 წლებში მისი გამოგონება დაპატენტდა ამერიკაში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.
აღსანიშნავია დავით კაკაბაძის გამოფენა ნიუ-იორკში. ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემოქმედის აბსტრაქტული სკულპტურა „Z“, 19 აკვარელი და ექვსი კოლაჟი. შემდგომ ეს ნამუშევრები იელის უნივერსიტეტთან არსებულ გალერეაში მოხვდა და დღესაც იქ ინახება. ამ გალერეის 1950 წელს გამოცემულ კატალოგში დავით კაკაბაძის შესახებ ვკითხულობთ: „ის იყო ყველაზე საინტერესო თანამედროვე მხატვრებსა და მოქანდაკეებს შორის“.
დავით კაკაბაძის ნამუშევრები, საქართველოს გარდა, დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, კერძოდ: ლისაბონის ბერარდოს მუზეუმში, მადრიდის ტისენის მუზეუმში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იელის უნივერსიტეტთან არსებულ გალერეაში.
1927 წელს პარიზიდან სამშობლოში დაბრუნებულ მხატვარს კომუნისტური რეჟიმი დახვდა. საბჭოთა საქართველოსთვის მოდერნისტული მხატვრული აზროვნება მიუღებელი აღმოჩნდა. დავით კაკაბაძე ვეღარ მონაწილეობდა დასავლეთის შემოქმედებით ცხოვრებაში, სამშობლოში კი ნამუშევრებს, უმეტესწილად, თეატრისა და კინოსთვის ქმნიდა. იგი აფორმებდა აღლუმებს; გადაიღო დოკუმენტური ფილმი ქართული კულტურის უძველესი ნიმუშების შესახებ. 1928-1948 წლებში ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ხოლო 1933-1942 წლებში – პრორექტორი. ცხოვრების ბოლო პერიოდში მხატვარს საქმიანობის საშუალება ნაკლებად ჰქონდა.
დავით კაკაბაძე გარდაიცვალა 1952 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები