უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
უმაღლესმა რადამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებული ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონი მიიღო,- ამის შესახებ უკრაინის დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა.
“რადამ საბოლოოდ მიიღო დამუშავებული კანონპროექტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ“, – აღნიშნავს ჟელეზნიაკი.
ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი გამოქვეყნებიდან 30 დღეში ძალაში შევა. კანონში ჩაწერილი გარდამავალი დებულების თანახმად, მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის გასაწყვეტად, უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ცხრა თვიანი ვადა მიეცემა.
ცნობისთვის, 2019 წელს უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო და რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მათ მოსკოვის საპატრიარქოსგან გამოყოფაზე უარი თქვეს.
ამის გამო უკრაინაში გარკვეული დროის მანძილზე ორი ეკლესია არსებობდა. ერთი – ავტოკეფალიური, ხოლო მეორე – მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება არ აღიარებდა.