ღაზაში გატაცებული ექვსი ებრაელის გვამი აღმოაჩინეს
ისრაელის სახელმწიფო ყველაფერს იღონებს, რათა დაბრუნდეს ჩვენი ყველა მძევალი, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იმ ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ის საკმარისს არ აკეთებდა მძევლებთან შეთანხმების უზრუნველსაყოფად.
“ისრაელის სახელმწიფო ყველაფერს იღონებს, რათა დაბრუნდეს ჩვენი ყველა მძევალი – ცოცხალიც და დაღუპულიც“, – განაცხადა პრემიერმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გვამების გამოტანა ზუსტი სადაზვერვო მონაცემების წყალობით მოხერხდა.
“ისრაელის თავდაცვის არმიამ დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ღაზის სექტორის ხან-იუნისის რაიონში გატაცებული იაგევ ბუხშთაბას, ალექსანდრე დანციგის, აბრაამ მუნდერის, იორამ მეცგერის, ნადავ პოპლუელისა და ჰაიმ პერის ცხედრები აღმოაჩინეს“, – ნათქვამია ძალოვანი უწყების ოფიციალურ განცხადებაში.
საიდენტიფიკაციო პროცედურების დასრულების შემდეგ, ცხედრები გატაცებულების ოჯახის წევრებს გადასცეს.