ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 55-მდე რაკეტა ისროლეს
ლიბანიდან ზემო გალილეასა და გოლანის მაღლობების მიმართულებით დღეს დილით 55-მდე რაკეტა გაისროლეს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ლიბანის ტერიტორიიდან დღეს დილით ორი სარაკეტო იერიში განხორციელდა, პირველი შეტევის დროს 40-მდე რაკეტა ისროლეს, ცოტა ხნის შემდეგ კი, კიდევ 15.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტების ნაწილი მოიგერიეს. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ ათობით რაკეტა ორ სამხედრო ბაზას ესროლა. მათი თქმით, ეს ყველაფერი ისრაელის მიერ ლიბანის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხი იყო.