ჯო ბაიდენი – “არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ამას აკეთებს ტრამპი პუტინის წინაშე”
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა თავდაპირველად ქვეყნის შიგნით მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. ამასთან, ჯო ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა უკრაინისა და ნატოს სიმტკიცე რუსეთის აგრესიის წინაშე.
“არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე. მე არასდროს გამიკეთებია ეს და გპირდებით, არც კამალა ჰარისი გააკეთებს“, – აღნიშნა ბაიდენმა.
სიტყვით გამოსვლისას ბაიდენი შეეხო ისრაელსა და ღაზას შორის ომსაც. Პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტის დასასრულებლად და მძევლების სახლში დასაბრუნებლად დაუღალავად მუშაობს.
“ჩვენ დღედაღამ ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო ფართო ომი და დავაბრუნოთ მძევლები თავიანთ ოჯახებში. ჩვენი მიზანია, ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და დავასრულოთ ეს ომი”, – განაცხადა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.