ლავროვი კურსკის რეგიონზე თავდასხმის ფონზე უკრაინასთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს
კურსკის ოლქში უკრაინული ძალების შეჭრის შემდეგ კიევთან მოლაპარაკებებზე საუბარი შეუძლებელია,- განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
“პრეზიდენტმა [ვლადიმერ პუტინმა] ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ განაცხადა მას შემდეგ, რაც კურსკის ოლქზე თავდასხმა, უფრო სწორად კი – კურსკის ოლქში შეჭრა დაიწყო, მოლაპარაკებებზე საუბარი შეუძლებელია. პრეზიდენტმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა, რომელზედაც მინდა ყურადღება გავამახვილო, რომ ჩვენ ამ სიტუაციას მოგვიანებით შევაფასებთ”, – აღნიშნა ლავროვმა.