ჩეხეთის პრეზიდენტი: უკრაინას ნატოში გაწევრიანება ოკუპირებული ტერიტორიებითაც შეუძლია
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მაშინაც კი შესაძლებელია, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იქნება.
„არ ვფიქრობ, რომ მთელ ტერიტორიაზე კონტროლის სრულად აღდგენა აუცილებელი პირობა იყოს. თუ იქნება დემარკაცია, თუნდაც რაიმე სახის ადმინისტრაციული საზღვრის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს, როგორც დროებითი და მივიღოთ უკრაინა ნატოში იმ ტერიტორიით, რომელსაც ის აკონტროლებს იმ მომენტისთვის“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პაველმა გაიხსენა, რომ გერმანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 1955 წელს მიიღეს, თუმცა ქვეყნის ნაწილი საბჭოთა კავშირის მიერ იყო ოკუპირებული.
„ამიტომ, ვფიქრობ, არსებობს გამოსავალი, როგორც ტექნიკურად, ასევე იურიდიულად, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოხდეს რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გარეშე“, – დასძინა პრეზიდენტმა.