ილჰამ ალიევი: სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზეა დამოკიდებული
მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება, დიდწილად, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
“შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. გასული წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი სიტუაცია შეიქმნა. აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, ახალი სიტუაცია ხსნის ახალ შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება”, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ექვს დოკუმენტს. ეს დოკუმენტები მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საკვების უსაფრთხოება, მცენარეთა კარანტინი და დაცვა, ჯანდაცვა, სამედიცინო განათლება და მეცნიერება.
“ჩვენ დეტალურად განვიხილეთ პროექტ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ განხორციელება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის, ასევე რეგიონული სატრანსპორტო დერეფნებისთვის. ამჟამად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ დერეფნის სარკინიგზო მონაკვეთის მოდერნიზაციაზე. ჩვენ ვსაუბრობთ წელიწადში 15 მილიონი ტონისა და მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობაზე”, – განაცხადა ალიევმა.