პუტინი: რუსეთი მოხარული იქნება, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში დაეხმარება
რუსეთი მოხარული იქნება, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაში დაეხმარება,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„მე ვიცი, რომ აზერბაიჯანი მიზნად ისახავს სომხეთთან ყველა საკითხის სრულად გადაჭრას. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ რამის გაკეთებას შევძლებთ, რათა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს. მნიშვნელოვანია, რომ საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საქმე ბოლომდე მივიდეს, ლოგისტიკასა და ეკონომიკაში შესაბამისი მიმართულებები განიბლოკოს“, – თქვა პუტინმა.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთი ისტორიულად სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების მონაწილე იყო.
“ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთიც ებრძვის კრიზისებს, პირველ რიგში, უკრაინის მიმართულებით, თუმცა, სამხრეთ კავკასიის ვითარებაში ისტორიული მონაწილეობა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გვიბიძგებს, რომ ჩვენ ამ პროცესების მონაწილენი უნდა ვიყოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით 18 აგვისტოს ჩავიდა.