ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ათობით ისრაელელი პალესტინის სოფელს დაესხა თავს, დაღუპულია ერთი პალესტინელი,- ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განცხადებით, სოფელ ჯიტში მომხდარი ინციდენტის დროს ერთი პალესტინელი დაიღუპა და მეორე მძიმედ დაიჭრა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები მიუღებელია და ეს უნდა შეწყდეს.
„ისრაელის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რათა საზოგადოება ზიანისგან დაიცვას, ეს მოიცავს ჩარევას ასეთი ძალადობის შესაჩერებლად და ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი მომხდარ ფაქტს მკაცრად აფასებს.
„ნებისმიერ დანაშაულში პასუხისმგებელ პირებს დააკავებენ და დასჯიან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.