ბიზნესმენმა ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა შეაფასა
ბიზნესმენმა ინტერვიუში ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა და ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრა შეაფასა. შეხვედრაში თავად ფადი ასლიც მონაწილეობდა. ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიზნესმენი გასულ წელს პოლიტიკურად რთულს უწოდებს და აცხადებს, რომ დაძაბულმა პოლიტიკურმა ფონმა ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა. ბიზნესმენის შეფასებით, ხსენებული ფაქტორიდან გამომდინარე, არსებული ხელისუფლების რადიკალურად განსჯა ჯერ ნაადრევია, თუმცა, მისი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიზნესმენებს შორის გამართულმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ ახალი მთავრობა ღიაა კრიტიკისა და რჩევების მოსასმენად, რაც ყოფილ ხელისუფლებას არ ჰქონდა. “წინა მთავრობას ეგონა, რომ ყველაფერი იცოდა და კრიტიკის მიღება არ სურდათ. ეგონათ, რომ ყველაფერს კარგად და უშეცდომოდ აკეთებდნენ, თუმცა მათი მმართველობისას ეკონომიკაში დადებითი ასპექტებიც იყო. მათ კარგი პიარი აწარმოეს და საქართველო მსოფლიოს რუკაზე გამოჩნდა. რაც შეეხება ახალ მთავრობას, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ოპტიმიზმით ავივსე, დავრწმუნდი, რომ მოქმედი ხელისუფლება და თავად პრემიერი, წინამორბედებისგან განსხვავებით, მზადაა ჯანსაღი კრიტიკისთვის. მან ჩვენი რჩევები სიხარულით მიიღო და პირობა მოგვცა, რომ ამ რჩევებს აუცილებლად გაითვალისწინებდა. გასული პერიოდი პოლიტიკურად დაძაბული იყო. ამ ყველაფერმა ქვეყნის ეკონომიკაზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა. გასული წელი რთული იყო ბიზნესისთვისაც. ასეთ ვითარებაში ყოველთვის ფრთხილობენ ინვესტორები, რაც ბუნებრივია. თუმცა ამ ეტაპზე არსებული სურათი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“,-განუცხადა “კვირას“ ბიზნესმენმა.
კატო მაღალაშვილი