კახა კალაძე: ჩვენ დავბრუნდებით

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერი კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს.
“1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დღეს დაიწყო ახალი ტკივილიანი ეტაპი თითოეული ჩვენგანის, ქართველის და აფხაზის ცხოვრებაში. ეს იყო ძმათამკვლელი ომი, სადაც გამარჯვებული არ ყოფილა. ეს იყო ტრაგედია, რომელის ნაიარევი ერთად უნდა მოვიშუშოთ და გზა შერიგებისკენ ერთად გავიაროთ – ქართველებმა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ. 1992-1993 წლების ეს უმძიმესი კონფლიქტი მოუშუშებელ ჭრილობად რჩება ენგურის და მავთულხლართების ორივე მხარეს: ქართველების, აფხაზების გულებში.
ჩვენ დავკარგეთ ძმობა და ერთობა, ერთი საერთო მიწა-წყლის შვილებმა. უკვე ვიტირეთ ჩვენი დაღუპულები, გამოვიგლოვეთ ჩვენი სიძულვილი და გაუცხოება – დრო ტკივილს ვერ მოარჩენს, მაგრამ დრო უნდა ყველა შეცდომის და დანაკარგის გაანალიზებას, დამარცხებულის კომპლექსის მოშორებას და ახალი მომავლის, ახალი ურთიერთობების დალაგებისთვის ყველა რეალური პირობის შექმნას. ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველა მოკლულის, ყველა დაკარგულის და იძულებით გადაადგილებულის წინაშე, აფხაზების წინაშე, რომ ეს კონფლიქტი ისტორიის წარსულში დავტოვოთ და ერთობლივ მომავალზე ვიმუშავოთ. ჩვენ დავბრუნდებით”, – აღნიშნულია ვიცე-პრემიერის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები