„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია“

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ორწლიან პერიოდში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნები, მართლაც, ღირსშესანიშნავი მოვლენებია.
„სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატია ასე ძნელად არის მოპოვებული, უკან დაბრუნება გამორიცხულია. ქართველი ხალხი მოსთხოვს ხელისუფლებას ანგარიშს და თავის პოზიციას დააფიქსირებს საარჩევნო ყუთებთან. ჩემმა მთავრობამ უნდა დაიმსახუროს თითოეული ხმა, რისთვისაც ერთგულად უნდა ემსახუროს ხალხს და უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა. ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ვნერგავთ კონტროლისა და ბალანსის უფრო ძლიერ მექანიზმებს. ჩვენი ახალი კონსტიტუციით უზრუნველყოფილია აღმასრულებელი ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და მმართველობის ყველა დონეზე გაზრდილი ანგარიშვალდებულება. დღეს ჩვენი პარლამენტი, მართლაც, კანონმდებლის ფუნქციას ასრულებს. ხდება კანონპროექტების წარდგენა, განხილვა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა. კომიტეტებში კი იმართება მოსმენები და მინისტრთა მწვავე კრიტიკა. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც პარლამენტი ნოტარიუსის როლს ასრულებდა“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ აღვადგინეთ კანონის უზენაესობა, რისთვისაც შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო და დავაკანონეთ ბრალდებულთა უფრო ფართო უფლებები. ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა დაუსჯელობას და წამებასა და შეურაცხმყოფელ მოპყრობას ციხეებში.დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღალა, ყველა ისარგებლებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცესუალური სამართლით“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მედიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყოველთვის იბრძოლებს, მედიასაშუალებებს ჰქონდეთ თავისუფალი სიტყვის უფლება.
„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ხელი შევუწყოთ, მართლაც ძლიერ, დამოუკიდებელ და ხარისხიან მედიას. სამოქალაქო საზოგადოების მსგავსად, მედიაც არსებითია ძლიერი დემოკრატიისთვის. შეიძლება მე ყოველთვის არ ვეთანხმებოდე იმას, რასაც მედიასაშუალებები ამბობენ და წერენ, მაგრამ მე ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ მათ ჰქონდეთ თავისუფალი სიტყვის უფლება“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ნატო მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას. საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ნატოს ისტორიული მნიშვნელობის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
„ ჩვენი ხალხი კვლავაც ერთგულად ემსახურება ამ საბოლოო მიზანს. უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, ნატო მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ინტეგრაციას და უზრუნველყოფს თანამშრომლობის ახალ, რეალურ და ხელშესახებ ინიციატივებს, რომლებიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს და, ზოგადად, უსაფრთხოებას“,- აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ აშშ-სა და ევროპას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ურყევი გადაწყვეტილება, კიდევ უფრო დაუახლოვდეს აშშ-სა და ევროპას, თან ხვდება ხელისუფლების მიზანს, განაგრძოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი.
„მზარდი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი გზა ევროპული ქვეყნების ოჯახში დაბრუნებისაკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, – საერთო ღირებულებები. ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება და ნატოს გაწევრიანებისაკენ ჩვენი განუხრელი წინსვლა არის ამ ურთიერთობების საფუძველი და გვთავაზობს უფრო ფართო ჩართულობის გეგმას. ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება არის ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და საკანონმდებლო ნორმებისა და სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვის გენერალური გეგმა. ჩემი ქვეყანა დაადგა ფართომასშტაბიანი რეფორმების საპასუხისმგებლო გზას“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსება გეგმავს. „აბრეშუმის გზის რეგიონი იქცევა მნიშვნელოვან ძალად ვაჭრობის გაფართოების, ახალი ენერგორესურსების და ენერგომომარაგების ქსელების განვითარებისა და კულტურული თანამშრომლობის კუთხით“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.
პრემიერის თქმით, ახალი აბრეშუმის გზის სრული პოტენციალის ამოქმედებისათვის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ისეთ სამ საკვანძო სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა და ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ადამიანებს შორის კონტაქტები. „ამ მიზნით, ვგეგმავ, 2015 წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დაარსებას. ჩვენი ხედვით, ეს იქნება ყველა იმ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან აბრეშუმის გზის მომავლით.ეს ფორუმი მიეძღვნება აბრეშუმის გზის გასწვრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის ახალი იდეების მოძიებას.ეს ფორუმი გადავა დისკუსიიდან საქმეზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები