“რა გამოდის, დონორი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თანხას უხდის [ენჯეოებს], ყველა ინფორმაცია ხსნილია” – მიქანაძე
“საზოგადოებას ორი კვირის წინ ჩვენ წარვუდგინეთ საბაზისო კვლევის ანგარიში, რომელიც ეხებოდა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომლებმაც მიმდინარე წლის 8 აპრილს, 474-მა ორგანიზაციამ, ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც ეხებოდა მათ წინააღმდეგობას გამჭვირვალობის კანონის მიღებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად გაიგო იმის შესახებ, თუ როგორი გაუმჭვირვალე არის ეს სექტორი და, ფაქტობრივად, თითზე ჩამოსათვლელი ორგანიზაციები აკმაყოფილებდნენ იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც გამჭვირვალობასთან არის დაკავშირებული.
ამის შემდეგ, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადებები, რომლითაც შეეცადნენ, როგორღაც გადაეფარათ ეს საკითხი. აქ საუბარია საზოგადოების წინაშე ანგარიშგებაზე. ასევე, გაკეთდა უცნაური განცხადებები იმის შესახებ, რომ თითქოს კონფიდენციალური ინფორმაციაა იმ ადამიანების სამუშაო ადგილი, რომლებიც არასამთავრობო სექტორში არის დასაქმებული. ამასთანავე, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები დონორ ორგანიზაციებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, მათ შორის, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე. რა გამოდის, საზოგადოების წინაშე არ არის ვალდებულება ამ ადამიანების შესახებ მიწოდების, მაგრამ დონორი ორგანიზაციების, რომლებიც თანხას უხდის, რა თქმა უნდა, მათ წინაშე ყველა ინფორმაცია ხსნილია”, – განაცხადა მიქანაძემ.