ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს “აბრეშუმის გზის ფორუმის” აღდგენას გეგმავს

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს “აბრეშუმის გზის ფორუმის” აღდგენას გეგმავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავისი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენება აზიის, ევროპისა და შუა აღმოსავლეთის დასაკავშირებლად, ასევე ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორეში სავაჭრო, საკომუნიკაციო და კულტურული გაცვლა-გამოცვლის გასაფართოებლად. მისი თქმით, აბრეშუმის გზის აღდგენა არის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა, რომელიც მოიტანა ცივი ომის დასრულებამ.
“აბრეშუმის გზა ფარავს ტერიტორიებს, რომელთა მოსახლეობა შეადგენს მსოფლიოს მოსახლეობის 2/3-ს და რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს შეადგენს. სრულფასოვანი გამოყენების შემთხვევაში აბრეშუმის გზის რეგიონი იქცევა მნიშვნელოვან ძალად ვაჭრობის გაფართოების, ახალი ენერგორესურსების და ენერგომომარაგების ქსელების განვითარებისა და კულტურული თანამშრომლობის კუთხით”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ახალი აბრეშუმის გზის სრული პოტენციალის ამოქმედებისათვის საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ისეთ სამ საკვანძო სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა და ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ადამიანებს შორის კონტაქტები.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირებისა და ახალი მარშრუტების გახსნის მიზნით, რომლებითაც პროდუქციის მიწოდება ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში სარეკორდო დროში განხორციელდება, საქართველო აღრმავებს თანამშრომლობას თურქეთთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა და ავღანეთთან.
“ენერგორესურსები არის აბრეშუმის გზის ეკონომიკური განვითარებისა და ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. საქართველო მხარს უჭერს ევროპაში კასპიის ზღვის რეგიონიდან ნავთობისა და ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების მთავარ მარშრუტს. შარშან შაჰ-დენიზის კონსორციუმმა გამოაცხადა სამხრეთ კავკასიის მილსადენის მასიური გაფართოების შესახებ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, რაც დამატებითად უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით და შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს საქართველოში. რამდენიმე დღის წინ მე ვეწვიე აზერბაიჯანს, რათა საფუძველი ჩამეყარა ამ ახალი მილსადენის პირველი სეგმენტისთვის. ამ ექსპანსიის შედეგად, კონსორციუმი განახორციელებს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციას საქართველოში. ამის შედეგად საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას, რაც მოხმარდება ჩვენი ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცებას”, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, სუფთა, განახლებადი ენერგია შეიძლება იქცეს ენერგეტიკის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის მამოძრავებელ ძალად.
“საქართველოში ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მძლავრ ჰიდროენერგეტიკულ რესურსებს, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ნახშირბადის ემისია ჩვენს ქვეყანაში და განვახორციელოთ განახლებადი ენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში. პოტენციალი დიდია მთლიანად რეგიონისთვისაც, თუმცა პოტენციალის რეალობად ქცევა მეტ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველო მზად არის გამოიყენოს თავისი, როგორც გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის, სტრატეგიული მდებარეობა და თავისი წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის სრულ აღდგენაში. ამ მიზნით, ვგეგმავ, 2015 წელს “აბრეშუმის გზის ფორუმის” დაარსებას. ჩვენი ხედვით, ეს იქნება ყველა იმ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან აბრეშუმის გზის მომავლით. ეს ფორუმი მიეძღვნება აბრეშუმის გზის გასვრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის ახალი იდეების მოძიებას. ეს ფორუმი გადავა დისკუსიიდან საქმეზე”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც სიტყვით გამოსვლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ქართველთა ერთიანობა ემსახურება ქვეყნის წინსვლისა და ძლიერი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქართული სახელმწიფოს რეალობად ქცევას.
“დაბოლოს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა რწმენა, რომ საუკეთესო წლები კიდევ წინ გველის, რომ ყველაზე ცუდი დრო ისტორიას ჩაბარდა. ერთობლივი მუშაობის პირობებში არ არსებობს ის, რის მიღწევაც საქართველოს, რეგიონსა და მსოფლიოს არ შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ბევრ თქვენგანს თბილისში შევხვდები”, – დასძინა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები