ბექა ლილუაშვილი: საჭიროზე მეტი ვისაუბრეთ „ლელოზე“, საჭიროზე მეტიც მოვუთმინეთ – მორჩა, მათზე მეტ დროს ვერ დავხარჯავთ
საჭიროზე მეტი ვისაუბრეთ „ლელოზე“, საჭიროზე მეტიც მოვუთმინეთ, ახლა რასაც აკეთებენ, მივესალმებით, წარმატებებს ვუსურვებთ, მორჩა, ჩვენ მათზე მეტ დროს არ და ვერ დავხარჯავთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის დიდი ინტერესით მოისმენდა მამუკა ხაზარაძისგან, თუ რა პოზიცია აქვს „ლელოს“ ლიდერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე.
„ლელოსთან“ მიმართებით ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ბევრი ვისაუბრეთ, საჭიროზე მეტი მოვითმინეთ და მე მგონი, ეს საკითხი ამოვწურეთ. არ ვიცი, ეს რა ინტერპრეტაციაა, კითხვებზე პასუხმა დააკმაყოფილა თუ არ დააკმაყოფილა. ყურადღებით მოსმენა რომ შესძლებოდათ, თუნდაც „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაზე დაკავშირებით, ჩვენ არც ახლა არ დაგვიფიქსირებია პოზიცია, არც გუშინ და არც გუშინწინ, ჩვენ ეს პოზიცია დიდი ხნის წინ დავაფიქსირეთ. ისე, დიდი ინტერესით მოვისმენდი, როგორი პოზიცია აქვს მამუკა ხაზარაძეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაზე, თუ ის მომდევნო მოწვევის პარლამენტში მოხვდება. ჩვენ არა ერთგზის გვითქვამს, რომ არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც „ქართულ ოცნებასთან“ კოალიცია არ გვექნება, ამას აბსოლუტურად გამოვრიცხავთ. ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან, რომელიც იზიარებს ჩვენს საარჩევნო ამოცანას, რომ ეს ქვეყანა დავიხსნათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ბრჭყალებიდან.
ორი წლის წინაც ვთქვით, რომ ჩვენი პარტიული ნომრით, ჩვენი იდენტობით მარტო გავდივართ 2024 წლის არჩევნებზე, ეს პოზიცია არ შეცვლილა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაციის კარი დახურულია. ძალიან ბევრ ინდივიდუალურ პირთან გვაქვს კომუნიკაცია და ბევრი ჩვენს გუნდს უერთდება, მაგრამ ჩვენ არ ვჩქარობთ, ჩვენ არ ვაფორსირებთ პროცესებს ხელოვნურად იმისთვის, რომ გამოვიგონოთ ხელოვნური გრავიტაციის ცენტრები და მიზიდულობის ძალები. საჭიროზე მეტი ვისაუბრეთ „ლელოზე“, საჭიროზე მეტიც მოვუთმინეთ, ახლა რასაც აკეთებენ, მივესალმებით, წარმატებებს ვუსურვებთ, მორჩა, ჩვენ მათზე მეტ დროს არ და ვერ დავხარჯავთ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.