“ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, შეწყვიტოს ოკუპაცია და დაადგეს მშვიდობისკენ მიმავალ გზას”

  ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ არა ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხარჯზე, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 69-ე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
„ჩვენ, ქართველებს, გვსურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ არა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რომელთა მისაღწევადაც ამდენი ვიბრძოლეთ.
ამ მიზნით, ჩვენ ვიყენებთ, ჩვენი წინამორბედებისგან განსხვავებით, ახლებურ მიდგომას რუსეთთან ურთიერთობებში. ჩვენს, როგორც პასუხისმგებელ, პრაგმატულ და კონსტრუქციული მეზობლის სტრატეგიას, ორი მიმართულება აქვს.
ერთი მხრივ, ჩვენ წამოვიწყეთ უპირობო დიალოგი რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განახლების მიმართულებით. მეორე მხრივ, ჩვენ კვლავაც გვაქვს დასახული მიზნად 2008 წლის აგვისტოს ომის მშვიდობიანი მოგვარება და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულება, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად. ამ სტრატეგიის პირველმა მიმართულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა და დაგვეხმარა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შემცირებაში. ვაჭრობა განახლდა და რუსეთში საქართველოს ექსპორტი 300 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ადამიანებს შორის ურთიერთობებიც მკვეთრად გააქტიურდა. ჩვენ, როგორც მეზობლები, უფრო მშვიდ გარემოში თანავარსებობთ. ამ მიდგომამ ასევე განამტკიცა სტაბილურობა მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მცდელობებს, შეამციროს დაძაბულობა და ხელი გაუწოდოს რუსეთს, არ მოჰყოლია თანამშრომლობის იმავე სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი. ჩვენ გადავდგით ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი. ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, შეწყვიტოს ოკუპაცია და დაადგეს მშვიდობისკენ მიმავალ გზას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები