ჯო ბაიდენი: მე პატივს ვცემ ამ თანამდებობას, თუმცა უფრო მეტად ჩემი ქვეყანა მიყვარს
მე პატივს ვცემ ამ თანამდებობას, თუმცა უფრო მეტად ჩემი ქვეყანა მიყვარს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას განაცხადა.
„ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, დღეს მე გელაპარაკებით ოვალური კაბინეტიდან. ამ წმინდა სივრცეში მე გარშემორტყმული ვარ არაჩვეულებრივი ამერიკელი პრეზიდენტების პორტრეტებით. თომას ჯეფერსონმა დაწერა უკვდავი სიტყვები, რომლითაც ხელმძღვანელობს ეს ერი; ჯორჯ ვაშინგტონი, რომელმაც გვაჩვენა, რომ პრეზიდენტები არ არიან მეფეები;
აბრაამ ლინკოლნი, რომელიც გვთხოვდა ბოროტების უარყოფას; ფრანკლინ რუზველტი, რომელმაც შთაგვაგონა შიშის უარყოფა. მე პატივს ვცემ ამ თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩემი ცხოვრების პატივი იყო თქვენს პრეზიდენტად ყოფნა. მაგრამ დემოკრატიის დაცვაში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. მაძლიერებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ამერიკელი ხალხისთვის მუშაობა. მაგრამ ჩვენი კავშირის სრულყოფის ეს წმინდა ამოცანა არ არის მხოლოდ ჩემზე დამოკიდებული, ეს გეხებათ თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენს მომავალს. ეს ჩვენზეა, ხალხზე. და ჩვენ ამას ვერასდროს დავივიწყებთ“, – აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, ერის გაერთიანებისთვის საუკეთესო გზა არის ესტაფეტის გადაცემა ახალი თაობისთვის.
„ბოლო კვირებში ეს ჩემთვის ნათელი გახდა. უნდა გავაერთიანო ჩემი პარტია ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმეში. მჯერა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა, ჩემი ლიდერობა მსოფლიოში, ჩემი ხედვა ამერიკის მომავლის შესახებ – ეს ყველაფერი მეორე ვადით არჩევას იმსახურებდა. მაგრამ არაფერი, არაფერი შეიძლება დადგეს ჩვენი დემოკრატიის გადარჩენის გზაზე, მათ შორის, ვერც პირადი ამბიციები. Შესაბამისად, გადავწყვიტე, რომ საუკეთესო გზა ახლა არის ესტაფეტის გადაცემა ახალი თაობისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის.
არის დრო და ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალწლიანი გამოცდილებისთვის. ასევე, არის დრო და ადგილი ახალი თაობისთვის, ახალი ხმებისთვის, დიახ, ახალგაზრდა ხმებისთვის. და ეს დრო და ადგილი ახლაა. ეს საუკეთესო გზაა ჩვენი ერის გაერთიანებისთვის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ „აქამდე მოვიდა“ მისი ინაუგურაციის შემდეგ და გახდა უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე.
„ჩვენ გავერთიანდით, როგორც ამერიკელები, ჩვენ ეს გადავიტანეთ. ჩვენ გავხდით უფრო ძლიერები, უფრო აყვავებულები და უფრო უსაფრთხოები. დღეს ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა, რომელიც ქმნის 16 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს, რაც რეკორდია. ხელფასები გაიზარდა, ინფლაცია კვლავ იკლებს. ჩვენ, ფაქტობრივად, აღვადგინეთ მთელი ჩვენი ერი“, – განაცხადა ბაიდენმა.