პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა 2 მილიონი ლარი დაჯდება

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღსადგენად ესტაკადის პროექტი, წინაწარი მონაცემებით, 2 მლნ ლარამდე დაჯდება, – ამის შესახებ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კოჯრისა და ტაბახმელას მიმართულებიდან მოძრავი მანქანები სანაპირო ზოლზე მოსახვედრად ამ ტერიტორიას იყენებენ, სადაც უამრავი ავარიული სახლია. ეს კი აღნიშნულ შენობა-ნაგებობებს ცუდ მდგომარეობაში აგდებს. ”
ამჟამად უკვე არსებობს უამრავი ტექნიკური საშუალება, რომლებიც ძეგლის ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს. ამასთანავე, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ხელით უნდა შესრულდეს და თავისუფალ წერტილებში, სადაც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოეწყობა ბურჯები და ლითონის კონსტრუქციებით გადასასვლელი ხიდი აშენდება. პროექტი, წინაწარი მონაცემებით, 2 მლნ ლარამდე დაჯდება. წლევანდელ ბიუჯეტში არის თანხები, რათა ნაწილობრივ მოხდეს შესაბამისი შესყიდვების განხორციელება და ამ პროექტისთვის საჭირო დანარჩენი სახსრები კი უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული”, – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ ბიუროს სხდომაზე.
თბილისის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების და ქვეპროგრამების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად თანხმობა ითხოვა. პროექტებზე ურბანული დაგეგმარებისა საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილისა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის შორენა ბუხრაშვილის დასკვნები იყო წარდგენილი. სხდომას საკრებულოს თავჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე ესწრებოდა. წარდგენილი 54 პროექტიდან დეპუტატების უკმაყოფილება რამდენიმე საკითხმა გამოიწვია, რომელთაგან ერთ-ერთი დედაქალაქში, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის აშენებას ითვალისწინებს, სადაც ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს. ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით საკრებულოს “ნაციონალური მოძაობის” დეპუტატებმა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პროექტს მხარი არ დაუჭირეს. სევდია უგრეხელიძის თქმით, იგი პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მოწყობის წინააღმდეგია, ვიანიდან იმ ადგილზე თბილისში შემოსასვლელი ისტორიული კედელი და გალავანია. მისივე განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ესტაკადის მშენებლობით ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს ზიანი მიადგეს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ კი ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს სოლოლაკის უბნის განტვირთვა იმ საცობებისგან, რომელიც დღეს არსებობს. სუდაძის განმარტებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს ითქვას, რომ ისტორიული ძეგლს რაიმე საშიშროება დაემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები