შსს: კანონიერი ქურდების ქვეყანაში შემოსვლის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის განცხადებას, ქვეყანაში კანონიერი ქურდების შემოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ქვეყანაში კანონიერი ქურდების თითქოს შემოსვლის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
„მორიგი ტყუილი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება კანონიერი ქურდების ქვეყანაში თითქოსდა შემოსვლის შესახებ. ლექსო ლოგუა საქართველოში არ იმყოფება და ქვეყნის ტერიტორიაზე არც შემოსულა. რაც შეეხება ავთანდილ ლუტიძეს, ის კანონიერი ქურდი არ არის, ჩვეულებრივი მოქალაქეა, რომელიც შემოვიდა საქართველოში საკუთარი სახელითა და გვარით და ასევე დატოვა ქვეყნის ფარგლები“, – წერს ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის ინფორმაციით, მინსკიდან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო ლოგუას დეპორტაცია განხორციელდა, რომელიც ამის შემდეგ თურქეთში აღმოაჩინეს.
„დღეს კიდევ ერთხელ გვინდა მივუბრუნდეთ საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნების შემაშფოთებელი ტენდენციას. ჩვენ უკვე გაცნობეთ კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძის (მეტსახელად რემენა), მინდია გორაძის (მეტსახელად ლავას-ოღლი), ფრიდონ ბარკალაიას (მეტსახელად ცანციკა, ამჟამადაც იმყოფება საქართველოში), რამაზ ციკორიძის, გია გიორგაძის, ჯემალ მამოიანის, პოლიკარპე ჯანელიძის, გელა ქარდავას, გიზო ქარდავასა და გიორგი ჯანელიძის საქართველოში უპრობლემოდ შემოსვლისა და ქვეყნის დატოვების ამბავი. დღეს გვინდა გაცნობოთ კიდევ რამდენიმე ანალოგიური შემთხვევა. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტი ლექსო ზურაბის-ძე ლოგუა (19.12.1979, მეტსახელად ლექსო გალელი) 2014 წლის 12 ივნისს დააკავეს ქ. მინსკში და გაუკეთეს დეპორტაცია საქართველოში. დეპორტაციის შემდეგ ლექსო ლოგუა, რომელიც ქურდად ზემოაღნიშნულმა გელა ქარდავამ „აკურთხა“, აგვისტოს თვეში საქართველოს საპატიმროს ნაცვლად თურქეთში გამართულ კრიმინალური ავტორიტეტების შეკრებაზე აღმოჩნდა, სადაც სენაკში მშვიდად მაცხოვრებელი კანონიერი ქურდი ცანციკას სიძე მახარე გვარამია (მაცე) ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ლექსო გალელი 2012 წლის შემდეგ მეორედ შემოვიდა საქართველოში და მეორედ აღმოჩნდა საპატიმროს ნაცვლად თურქეთში (პირველად ეს 2013 წლის 13-14 აგვისტოს მოხდა). როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ასეთი მოვლენები შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი მთავრობის ღია თუ ფარული დახმარებისა და მფარველობის გარეშე, რასაც ადასტურებს შემდეგი შემთხვევა. კრიმინალური ავტორიტეტი ავთანდილ ამირანის-ძე ლუტიძე (23.11.1979, მეტსახელად ლუტია ქუთაისელი) თურქეთიდან შემოვიდა საქართველოში სარფის მხრიდან 2014 წლის 5 სექტებრის 22 საათზე, 36 წუთზე და 2014 წლის 6 სექტემბერს 21 საათსა 29 წუთზე დატოვა ქვეყანა წითელი ხიდით და გადავიდა აზერბაიჯანში. ავთანდილ ლუტიძე გახლავთ ლავას-ოღლის კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი გავლენიანი პირი. ჩვენი ინფორმაციით, მას სარფში დახვდა და წითელ ხიდამდე მიაცილა საქართველოს შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს) ხელმძღვანელი მალხაზ ჩიკვილაძე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების ასეთი თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები