„ავტობუსების პარკი მოძველებულია და ის განახლებას საჭიროებს“

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ავტობუსების პარკი მოძველებულია და ის განახლებას საჭიროებს. როგორც მან სატრანსპორტო საშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, შემოყვანილი იყო მეორადი მოხმარების ავტობუსები და სწორედ ისინი საჭიროებენ განახლებას.
“ჩვენ ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ და გადავწყვეტთ, როგორ მოხდება აღნიშნული პრობლემის გამოსწორება. ჯერჯერობით კონკრეტულად არ გადაგვიწყვეტია, დაემატება თუ არა ახალი ავტობუსები და როგორ მოხდება მისი მოდერნიზაცია. ეს სერიოზულ ინვესტიციას საჭიროებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ მეტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ერთი დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი უკვე დასრულებულია.
“ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ ერთი დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობა ვაჟა-ფშაველას ხაზზე, ახლა უკვე ტენდერი დასრულებულია და კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება დამატებითი მეტროსადგურის მშენებლობა”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები