პუშკინის მოედანზე შესაძლოა, ორმხრივი მოძრაობა აღდგეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გუშინ ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანისა და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის ნუგზარ ზარიძის მიერ 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები იქნა წარდგენილი. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე დეტალურად იმსჯელეს. წარმოდგენილი იყო ვიზუალური მასალაც.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, სხდომაზე აქტუალური იყო თბილისში, პუშკინის მოედანზე ორმხრივი გზის აღდგენის საკითხი, რომელიც კოლმეურნეობის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდეა გათვალისწინებული.
ავთანდილ სუდაძის თქმით, აღნიშნული გზის აღდგენა, უპირველეს ყოვლისა, გონივრული მშენებლობის ხარჯზე განხორციელდება, ისე, რომ არ დაზიანდება კულტურული მემკვდრეობის არც ერთი ძეგლი და, ამასთან, ესტაკადაც ისე გადაიხურება, რომ ყველა ძეგლი ხელუხლებელი და დაუზიანებელი დარჩება. ამდენად, ამ სამუშაოების შემდეგაც მსურველებს მათი ნახვის საშუალება კვლავაც ექნებათ.
მისივე თქმით, პროექტის აუცილებლობა ტრანსპორტის განტვირთვისა და თბილისის ბევრ უბანში არსებული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი, ამორტიზებული შენობების დაცვის მიზნით არის გამოწვეული.
“სამომავლოდ მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება მთელი ქალაქის მასშტაბით არის დაგეგმილი”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები