თვითმკვლელობის 2 ფაქტი და ბრალდებები – რა საიდუმლოს მალავს 178-ე სკოლა

ერთ წელიწადში მომხდარი თვითმკვლელობის ორი ფაქტი და უამრავი კითხვა, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელია. რა მოხდა 178-ე საჯარო სკოლაში და მიუძღვით თუ არა მოზარდების გარდაცვალებაში ბრალი სასწავლებლის დირექტორს და პედაგოგებს?
„კვირა“ თვითმკვლელობის ორი ფაქტიდან ერთის გარკვევას შეეცადა.  შემთხვევა  2013 წლის მარტში მოხდა. 15 წლის რეზო-სი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. მოზარდს ჯიბეში წერილი აღმოაჩნდა, სადაც ის  წერდა, რომ „ცუდი არაფერი ჩაუდენია“ და წუხდა, რომ არავინ დაუჯერა.
გარდაცვლილის დედა მომხდარ ტრაგედიაში 178-ე სკოლის დირექტორს და ერთ-ერთი საგნის მასწავლებელს ადანაშაულებს. მას მიაჩნია, რომ  რეზო ს-ს  სასწავლებელში არასათანადოდ ეპყრობოდნენ, რის გამოც  მან მძიმე გადაწყვეტილება მიიღო.
„კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ თვითმკვლელობიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოზარდის დედამ  სკოლას მიაკითხა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საკუთარ კაბინეტში სცემა.
ნანა  ლაბაძე, რომელსაც მოსწავლის მშობელმა საკუთარ კაბინეტში  ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 178-ე საჯარო სკოლის დირექტორად ისე დაინიშნა, რომ განათლების სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. სკოლის დირექტორის ცემის ფაქტი სამინისტრომ  „კვირასგან“ შეიტყო.
როგორც „კვირას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა განუცხადა, მან სკოლის დირექტორის ცემის ფაქტი  სამინისტროშიც მოიკითხა, თუმცა სამინისტროში ნანა ლაბაძის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.  ამ ინფორმაციას არ ფლობს  არც ისნის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი  ნანა ჩეკურიშვილი.
თავად სკოლის დირექტორი კატეგორიულად უარყოფს  ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს და „კვირას“  ინფორმაციის გადამოწმებას ურჩევს.
„რას ლაპარაკობთ, ვინ შემეხო ფიზიკურად? საიდან მოიტანეთ?  როგორ გეკადრებათ!  რატომ უნდა შემხებოდა ფიზიკურად? ქალბატონი ნანა ბ-ია   იმ პერიოდში უბრალოდ  ფიქრობდა, რომ  ტრაგედია სკოლის პედაგოგის ბრალი იყო.  შვილმკვდარი დედა იყო და  გარკვეული ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.   წარმოიდგინეთ, ახლა  დედა, რომელსაც შვილი მოუკვდა, რა სიტუაციაში იქნებოდა.  უბრალოდ, ერთი პედაგოგის მიმართ ჰქონდა წყენა,  ამის გამო მოვიდა ჩემთან“,  – აღნიშნა „კვირასთან საუბრისას 178 -ე საჯარო სკოლის დირექტორმა.
ნანა ლაბაძე   თაბამდებობაზე 2014 წლის  5 სექტემბერს სკოლის საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა. მანამდე   იგი ამავე სკოლაში დირექტორის მოვალეობას 2012 წლიდან ასრულებდა.
სკოლის დირექტორისგან განსხვავებით,  პედაგოგები ამ ფაქტს სამარცხვინოს უწოდებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ 2013 წლის  ზაფხულში დირექტორი მოსწავლის მშობელმა ნანა ბ-იამ სასტიკად სცემა.  „კვირასთან“ საუბრისას თავად ნანა ბ-ია დეტალურად  ამბობს,  თუ რამ მიიყვანა იგი  ამ  მდგომარეობამდე.
 პრეისტორია
 2012 წლის 15 სექტემბერს  ნანა ლაბაძე 178-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად  დაინიშნა. მან  ამ თანამდებობაზე   ნესტან  ზუხბაია   ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი  კი თანამდებობაზე სულ  რამდენიმე თვე  იყო, რადგან სკოლის ყოფილმა დირექტორმა   მანანა სამხარაძემ  თანამდებობა  იძულების წესით, პირადი განცხადების   საფუძველზე დატოვა.
„ჩემი მეგობარი  ნანა ლაბაძე სკოლაში მე მივიყვანე და ჩემს მოადგილედ დავნიშნე.  ხუთი წლის განმავლობაში ჩემი მოადგილე იყო. მერე ისე მოხდა, რომ  რამდენიმე პირს გაურიგდა.  სამინისტროდან გენინსპექცია შემოიყვანეს და  იძულებული ვიყავი, საკუთარი განცხადების საფუძველზე  თანამდებობა დამეტოვებინა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას  მანანა სამხარაძემ.
მანანა სამხარაძის სკოლიდან წასვლის შემდეგ  ნანა ლაბაძემ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა და  მოადგილეებიც დანიშნა. დირექტორის პირველ მოადგილედ თინათინ ქემაშვილი, ხოლო მეორე მოადგილედ   დოდო ჭოტორლიშვილი   დანიშნა.  აირჩია სამეურვეო საბჭოს ექვსი წევრიც.
სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ გრძელდებოდა.  თუმცა, 2013 წლის ზამთრის არადადეგების შემდეგ სკოლაში  სიტუაცია დაიძაბა…
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი,  2013 წლის მარტში სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები  საატესტაციო გამოცდებს აბარებდნენ.  კომისიის თავმჯდომარე დირექტორის მოადგილე და  სასწავლო ნაწილის გამგე თინათინ ქემაშვილი იყო. მოულოდნელად შენობაში ხმაური ატყდა.  ქემაშვილმა  მოსწავლეები ვერ მიატოვა და   ვითარების გასარკვევად სკოლის მანდატურს უხმო.  მოგვიანებით, გაირკვა, რომ  მე-10  კლასელ რეზო ს-სა  და სამოქალაქო თავდაცვის პედაგოგს – ნათია ხლუსიძეს  შორის  შეკამათება  მობილური ტელეფონის გამო მოხდა.
„რეზო ს-მ ჩართული მობილური ტელეფონი გაკვეთილზე შეიტანა და  ყურსასმენებით იჯდა გაკვეთილზე.  პედაგოგმა მას ტელეფონი ჩამოართვა. მოსწავლე კი ნივთის უკან დაბრუნებას ითხოვდა. ამის შემდეგ მოსწავლესა და პედაგოგს შორის   საუბარი დირექტორის კაბინეტში გაგრძელდა. მოსწავლე სახლში წავიდა, თუმცა მოგვიანებით ისევ უკან დაბრუნდა და დირექტორს  ტელეფონთან ერთად სიმ – ბარათის  დაბრუნებას სთხოვდა.  დირექტორმა მოსწავლეს   მხოლოდ ტელეფონის სიმ-ბარათი მისცა“, – აცხადებს   კლასის დამრიგებელი მზია კელაპტრიშვილი.
როგორც „კვირას“ სასწავლო ნაწილის გამგემ თინათინ ქემაშვილმა განუცხადა,  სკოლის შიდა განაწესის თანახმად, რადგან ასეთი ფაქტი რეზო ს-ს პირველად შეემთხვა, დირექტორს მისი პირადი ნივთი  უკან უნდა დაებრუნებინა.
„ვთხოვე დირექტორს, რომ   რეზო ს-სთვის  ტელეფონი უკან დაებრუნებინა, მაგრამ არ დაუბრუნა.  მეორე დღეს რეზოს დედა  სკოლის კიბეებზე შემხვდა.  ტიროდა.  ოთახში შევიყვანე. მითხრა, ჩემმა შვილმა   დირექტორის კაბინეტში ბოდიში მოუხადა სამოქალაქო თავდაცვის პედაგოგს, პატიება სთხოვა და  მან ბოდიში არ მიიღო: „მე შენს ბოდიშს არ მივიღებო“  და ახლა, ნათია  ხლუსიძის მოთხოვნით, ჩემს შვილს სკოლიდან რიცხავენო, -მითხრა  მაშინ მშობელმა“, –  ამბობს „კვირასთან“ საუბრისას სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე.
რეზო ს-იას  სკოლიდან დროებით  გაშვებას ეწინააღმდეგებოდა  კლასის დამრიგებელი მზია  კელაპტრიშვილი.
„დროებით  გარიცხვა მიზანშეწონილად არ მიმაჩნდა. ამის სასტიკი წინააღმდეგიც ვიყავი. მაქსიმალურად ვიცავდი ჩემს მოსწავლეს. მიმაჩნდა, რომ ეს არასწორი იყო.  ჩემი მოსწავლე დასაჯეს, რაც  ბიბლიოთეკაში 5 დღის გატარებას გულისხმობდა… ცრემლები მომდიოდა, ოღონდაც ეს არ მომხდარიყო.  რეზოს პირველი კლასიდან ვიცნობდი,  ის  ცუდი მოსწავლე არ ყოფილა, ისეთ ასაკში იყო, მას გაგება უნდოდა“,  – ამბობს კლასის დამრიგებელი მზია  კელაპტრიშვილი.
რეზო ს-იას სკოლიდან დროებით გაშვებას ეწინააღმდეგებოდა სასწავლო ნაწილის გამგე თინათინ ქემაშვილიც.
მიუხედავად სხვადასხვა პედაგოგის მოთხოვნისა, დირექტორმა რეზო  სკოლიდან დროებით გარიცხა და მოსწავლე 5 დღის განმავლობაში სკოლის ბიბლიოთეკაში  იძულების წესით იჯდა.
„ბიბლიოთეკაში იმიტომ იჯდა, რომ სწორედ იმ პედაგოგთან  მოუხდა შელაპარაკება,  რომელმაც  გაკვეთილზე  მობილური ჩამოართვა  და დადო მაგიდაზე. ამის შესახებ მანდატურებიც ინფორმირებულები იყვნენ და შესაბამისი ოქმიც დაიწერა. ის ხელში სწვდა მასწავლებელს, კარში გადაუდგა და მობილურის უკან დაბრუნებას სთხოვდა. შეურაცხყოფა ის იყო, რომ ხელიდან წაგლიჯა მობილური ტელეფონი.  სკოლის შიდა განაწესი   ამას ითვალისწინებდა და მოზარდი დროებით დავითხოვეთ სკოლიდან.  მანამდე ამ ბავშვმა სიგარეტი მოწია სკოლის ტუალეტში და  მანდატურმა ამაზეც ოქმი დაწერა.   რაღაც-რაღცები დაგროვდა და სკოლიდან დროებით დავითხოვეთ“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი,  ბიბლიოთეკა სკოლის მეოთხე სართულზე მდებარეობს. ოთახის ფანჯრებთან 9 -სართულიანი შენობა დგას. ამ ფანჯარასთან რეზიკომ ოთხი დღე გაატარა. ოთხი დღის განმავლობაში  მოზარდი  სწორედ  ამ ცხრასართულიან შენობას უცქერდა. ოთახში მყოფი სასწავლო ნაწილის გამგე თინა ქემაშვილმა რამდენჯერმე  ინახულა,  მიუხედავად იმისა, რომ დირექტორმა  მოსწავლე 5 დღით გაუშვა სასწავლო პროცესიდან.  მე-5 დღეს  ქალთა საერთაშორისო დღე ახლოვდებოდა.  ამიტომ  სკოლის ადმინისტრაციის მიერ დასჯილმა მოსწავლემ დასვენების დღე  სახლში გაატარა. ამის შემდეგ შაბათ-კვირა დაემთხვა. ორშაბათს  კი  რეზო  სკოლაში ჩვეულებრივ დაბრუნდა.  12 მარტს  მოზარდს  მე-6 გაკვეთილი სამოქალაქო თავდაცვა ჰქონდა, მაგრამ პედაგოგის მოთხოვნით მოსწავლე გაკვეთილს არ დაესწრო.
„12 მარტს ნათია  დერეფანში შემხვდა. მითხრა, დღეს მე-6  გაკვეთილი მე-10  კლასში მაქვს და როგორ არ მინდა იმასთან შეხვედრა, ნეტა ის იქ არ დამხვდესო…  ვინაიდან მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, დირექტორთან შეთანხმების შემდეგ რეზიკო სახლში გავუშვით“, – ამბობს თინათინ ქემაშვილი.
13 მარტს  სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ ჩატარდა. გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეები სახლებში წავიდნენ.  დირექტორის კაბინეტში  სასწავლო ნაწილის გამგე  და დირექტორი იყოფებოდნენ,  სადაც  მოსწავლეთა  საგამოცდო ნამუშევრები  სწორდებოდა. ამ დროს  თინათინ ქემაშვილს პედაგოგმა დოდო ხელიძემ დაურეკა და   ტრაგედიის შესახებ  კივილით ამცნო.
ფაქტი:  რეზო ს-ია  სწორედ იმ  საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, რომელსაც ბიბლიოთეკიდან 4 დღის განმავლობაში  უყურებდა.
 მოზარდს ჯიბეში წერილი აღმოაჩნდა.
„ყველა ძალიან მომენატრებით.  ახლა ხომ მაინც დაიჯერებთ, რომ  მე ცუდს არაფერს არ ვაკეთებდი…  მე   თქვენ ვერ დაგიმტკიცეთ, რომ არ ვარ  ნარკოტიკის მომხმარებელი   და ამას დაამტკიცებთ... „მიყვარხართ ძალიან. ვიცი მომენატრებით“,  –  ამ სიტყვებით დაემშვიდობა მოზარდი  ყველას.
 თვითმკვლელობის ფაქტზე, სსკ -ს 115- ე მუხლით   სისხლის სამართლის საქმე  აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი,  გამოძიებამ გარდაცვლილის პირადი ტელეფონის  და კომპიუტერის ჩანაწერები გაშიფრა.  მიმოწერა, ძირითადად, სკოლის პედაგოგებს ეხებოდა.
დაიკითხნენ სკოლის პედაგოგები, დირექტორი და  გარდაცვლილის დედა – ნანა  ბ-ია.Untitled
„რეზოს შინაგანი დეპრესია ჰქონდა. სანამ   დირექტორად დავინიშნებოდი, ბავშვმა რაღაც აბებიც  მიიღო. ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, ეს კულუარული ინფორმაცია ვიცი.  ეს აბები წინა ზაფხულში  მიიღო…   ამ ინფორმაციამ ჩემს ყურამდეც მოაღწია.    გარდა ამისა,  ამ  ბავშვის ტრაგედია კიდევ იმან გამოიწვია, რომ ეს მოზარდი  ისეთი კატეგორიის ბავშვი იყო, რომელსაც არ უყვარს ხშირი კონტროლი.  დედა ხშირად აკონტროლებდა..  ყოველ  ნაბიჯს უმოწმებდა.  გამოძიებამაც  დაადასტურა, რომ  ეს  თვითმკვლელობა იყო და განსაკუთრებული მოტივი   არ აღუნიშნავს. ამ შემთხვევაში სკოლა არაფერ შუაშია.  ჩვენთვისაც ძალიან დიდი ტრაგედია იყო. სკოლა ნაკლებ  ბრალეულობაშია  მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.  ოჯახში რა ხდებოდა,  ეს   ძალიან ძნელი დასადგენია. ამას არავინ იტყვის“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას  სკოლის დირექტორმა ნანა ლაბაძემ.
მზია  კელაპტრიშვილი  კლასის დამრიგებელი:  „რეზო ნარკომანი არასდროს ყოფილა და არც იქნებოდა… ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ რეზო უსმენდა „პანკ ჯგუფის“ მელოდიებს.   ნამდვილად ვიცი, ამ მუსიკის ხშირად მოსმენას  თვითმკვლელობამდე მიჰყავს ბავშვი.  ამ მელოდიებში  თვითმკვლელობის პირდაპირი მოწოდებაა.  ზუსტად ვიცი, რომ   რეზო ამ ჯგუფის თაყვანისმცემელი იყო.  როდესაც გადმოხტა, მაშინაც ეს მუსიკა ჰქონდა ჩართული და  ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული, რომ არაფერი არ გაეგონა…   უბრალოდ, როგორც   ყველა  ნორმალურ მშობელს ეჭვი  გაუჩნდა,  ხომ არაფერს  მაიმუნობსო. რეზოს  ეს პერიოდი რომ გადაელახა, არავისზე ნაკლები არ იქნებოდა.  საუკეთესო ახალგაზრდა იქნებოდა…  მას ფსიქოლოგიურად გაუჭირდა. ალბათ, ჩემი, როგორც დამრიგებლის დანაშაულიც არის…  მშობლის დანაშაულიც არის…  და ყველასი.. “
მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ რეზო ს-კიას  კლასელებმა დირექტორს მიმართეს, რომ სამოქალაქო თავდაცვის პედაგოგი ნათია ხლუსიძე შეეცვალათ და იმ კლასში აღარ შემოსულიყო.
ნათია ხლუსიძის გაკვეთილი პროტესტის ნიშნად დატოვეს   რეზოს პარალელურმა კლასელებმაც.   სამოქალაქო თავდაცვის პედაგოგის სკოლაში სიარულს სხვა მოსწავლეებიც აპროტესტებდნენ. სასწავლო პროცესი  რომ არ ჩაშლილიყო, სამოქალაქო თავდაცვის საათები სკოლის სასწავლო ნაწილის გამგემ და დირექტორის მოადგილემ თინათინ ქემაშვილმა  თავის თავზე აიღო  და ის ატარებდა.
„ტრაგედიის შემდეგ მოსწავლეებისგან შევიტყვე, რომ  ნათია ხლუსიძე რეზოს გაკვეთილებზე  გვარ-სახელით არ მიმართავდა და ზედმეტ სახელად „დიმედროლას“ ეძახდა, რასაც მოსწავლის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამას შემდეგ  მობილურის წართმევის ფაქტიც დაემთხვა, რასაც სკოლიდან დროებითი დათხოვნაც მოჰყვა“, – ამბობს თინათინ ქემაშვილი.
„კვირას“ ინფორმაციით,  ის, რომ პედაგოგი მოსწავლეს ზედმეტ სახელს ეძახდა,  რეზო ს-იას მშობლებთან უსიამოვნება სწორედ ამიტომ ჰქონდა.  დედა შვილს  იმაზე მეტად აკონტროლებდა, ვიდრე ამის აუცილებლობა  იყო.
როგორც „კვირას“ გარდაცვლილის დედამ  განუცხადა,  გამოძიებას პირდაპირ მიუთითა, რომ  დაკითხულიყო პედაგოგი  ნათია ხლუსიძე.
„ჩემს  შვილს ნათია ხლუსიძე გვარით მიმართავდა.  რეზოს უთქვამს, მე სახელი მაქვსო… ხან რას ეძახდა და ხან რას, „ღორები“ ხართო…  ჩემი შვილი თავმოყვარე ბიჭი იყო…   ერთხელ შეკამათებია კიდეც ამის გამო… მერე მობილურიც წაართვა და რაც მოხდა, უკვე იცით.  მე კი დამღუპა,  35 წლის ასაკში ცხოვრება დამენგრა.   დირექტორიდან დაწყებული,  ყველას   ვთხოვდი  ნათია ხლუსიძე სკოლიდან გაეშვათ, რომ სხვისი შვილებისთვის ცხოვრება არ დაენგრია. არავინ მისმენდა. ჩემი მეორე გოგონაც ამ სკოლაში სწავლობდა და არ მსურდა, სადმე შემთხვევით შემხვედროდა“, – ამბობს ნანა ბ-ია.
178-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ტრაგედია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც შეიტყვეს. თუმცა, მიზეზით არავინ დაინტერესებულა.
როგორც პრესსამსახურის  უფროსმა „კვირას“ განუცხადა, სამინისტროში   ტრაგედიის შესახებ ინფორმირებულები  არიან, მაგრამ გამოძიების დასრულებას ელოდებიან.
სწორედ სამინისტროს დავალებით მოზარდის პანაშვიდზე  ისნის რაიონის  რესურსცენტრის ხელმძღვანელი  ნანა ჩეკურიშვილი  მივიდა.
„ეგ ტრაგედია არ მახსოვს.  ძალიან ადრე  იყო. ახლად დანიშნული ვარ ამ თანამდებობაზე. დიახ,  პანაშვიდებზე დავდიოდი.  2013 წლის  მარტში მოხდა.  თვითმკვლელობის მიზეზი  პოლიაციას ჩვენთვის არ უთქვამს.  მახსოვს,  ბავშვს  ჯიბეში წერილი ედო.  გარდაცვლილის დედას პანაშვიდზე ვესაუბრე. დედამ, მართლაც, მითხრა, რომ ნათია ხლუსიძე სკოლიდან გაეთავისუფლებინათ, მაგრამ მას  ჩემთვის არ მოუმართავს. რაც ქალბატონმა ემოციურ ფონზე  თქვა,  გასაგებია.  დაველოდეთ  გამოძიებას.  სამინისტრო საქმის კურში იყო, სამინისტროს სახელით ვიყავი პანაშვიდზე.   რასაკვირველია, სამინისტრომ იცოდა 178-ე საჯარო სკოლაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, მე მათი დავალებით წავედი პანაშვიდზე“, – აღნიშნა  ნანა  ჩეკურიშვილმა.

მოზარდის დაკრძალვის შემდეგ,  გარდაცვლილის დედა სახლში   კლასის დამრიგებელმა და სასწავლო ნაწილის გამგემ  ინახულეს. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი,  მშობელმა  დირექტორს კიდევ ერთხელ სთხოვა, რომ ნათია ხლუსიძე  სკოლიდან გაეთავისუფლებინათ. ამის შესახებ დირექტორს  თავად სასწავლო ნაწილის გამგემ თინათინ  ქემაშვილმა  გადასცა.   რასაც დირექტორის შენიშვნა და საყვედური მოჰყვა.
„როგორც სასწავლო ნაწილის გამგემ,  რამდენჯერმე ვცადე, დამერწმუნებინა დირექტორი, რომ  ვინაიდან ასეთი დაძაბული იყო სიტუაცია,  პედაგოგი ნათია ხლუსიძე სხვა სკოლაში გადაეყვანა, მაგრამ ნანა ლაბაძის დარწმუნება ვერ შევძელი. პირიქით, მისგან საყვედურებს ვიმსახურებდი  და ჩემდამი უნდობლობა უფრო და უფრო გაუმძაფრდა“, – აღნიშნა თინათინ ქემაშვილმა.
ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ,  სკოლაში  კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რასაც სკოლის დირექტორი დღემდე ასაიდუმლოებს.
„ჩემი ფანჯრებიდან სკოლის შენობა კარგად ჩანს. ყოველდღე ვხედავდი, როგორ დადიოდა ნათია ხლუსიძე სკოლაში.  ჩემი შვილის სასაფლაოზეც ყოველდღე დავდიოდი,  ასე იწყებოდა ჩემი ყოველი დილა.  ერთხელ, სასაფლაოს ნაცვლად, სკოლაში მივედი. დირექტორის კაბინეტში  სუფრა გაეშალათ.  ჩემი შვილი მიწაში იწვა,  თავს ვეღარ მოვერიე და ნანა ლაბაძეს თმებში ვწვდი. აღარ ვიცოდი, რას ვაკეთებდი.  საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.  ჩემი შვილის სიმწარე არ მასვენებდა.   „რატომ არ გაუშვი სკოლიდან ნათია ხლუსიძე?“ – თან ვყვიროდი და, რაც კი ხელში მომხვდა, ყველაფერს დირექტორს ვაყრიდი. ამის შემდეგ სასაფლაოზე წავედი“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
მიუხედავად იმისა, რომ ნანა ლაბაძეს ფიზიკური შეურაცხყოფის კვალი რამდენიმე დღე ემჩნეოდა, სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავს. თუმცა,   ყოფილი მოსწავლის ოჯახში დარეკა და  მატერიალური ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.
„ჩემმა მეუღლემ არც კი იცოდა, რა ჩავიდინე. ჩემს მეუღლისთვის დირექტორის მეუღლეს  ტელეფონზე დაურეკავს და  სასკოლო ინვენტარის დაზიანებისთვის მატერიალური ზარალი მოუთხოვია. კიდევ უფრო  აღვშფოთდი სკოლისა და პედაგოგების გამო, ჩემმა შვილმა თავი მოიკლა და ესენი  მატერიალურ ზარალის ანაზღაურებას მთხოვდნენ“, – იხსენებს ნანა ბ-ია.
სკოლის დირექტორი ნანა ლაბაძე:  „ერთხელ გარდაცვლილის დედა მოვიდა  და პედაგოგის გაშვებას ითხოვდა სკოლიდან.  იმ პედაგოგს უკვე განცხადება ჰქონდა დაწერილი და ის ისედაც მიდიოდა სკოლიდან.   ქალბატონი ნანა იმ პედაგოგსაც პირადად ემუქრებოდა.  უბრალოდ გაავებულმა დედამ მუშტები დააბრახუნა  მაგიდაზე და რაღაც ფურცლები  გადაყარ-გადმოყარა.  მერე დაწყნარდა, როდესაც ვუთხარი, რომ ის პედაგოგი ისედაც მიდის სკოლიდან -მეთქი,   წავიდა. სულ ეს იყო… მეტი არაფერი..  თუ ვინმემ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდათ, კარგად გადაამოწმეთ.  სახლში დავურეკე და მის მეუღლეს ვესაუბრე.
ვუთხარი, რომ ძალიან ცუდ დღეში აქვს ნერვები.  ავუხსენი, რომ ეს   სკოლაა   და ეს ყველაფერი სკოლის ქონებაა. სკოლის არც ერთ პედაგოგზე  გამოძიებაში ბრალეულობა არ გამოკვეთილა.    მშობელი  ითხოვდა ამ პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლებას, მაგრამ ერთია,   რომ  ითხოვდა და მეორეა,  რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა  სხვა   რამ თქვეს.  გამოძიებამ მოზარდის თვითმკვლელობაში სკოლის არც ერთი პედაგოგი არ დაადანაშაულა,  გამოძიებამ დაჰკითხა კლასის დამრიგებელიც,  დაჰკითხა ის პედაგოგიც, მაგრამ   სკოლის პედაგოგის მიმართ დანაშაული არ გამოკვეთილა.
დირექტორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი „კვირას“  გარდაცვლილის კლასის დამრიგებელმა მზია  კელაპტრიშვილმაც  დაუდასტურა.
„ნანა ბ-იამ  დირექტორს  პედაგოგის გამო შეურაცხყოფა  მიაყენა.  როდესაც  გაიგო, რომ ის მასწავლებელი  სკოლიდან  განთავისუფლებული  არ იყო, მოსულა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია.  თავად მე იქ არ ვყოფილვარ,  მაგრამ ეს არასასიამოვნო ფაქტი ნამდვილად მოხდა“, -აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას  მზია კელაპტრიშვილმა.
სამოქალაქო თავდაცვის პედაგოგი ნათია ხლუსიძე:  „ჩემსა და რეზო ს-იას  შორის არანაირი კონფლიქტი და დაპირისპირება არ ყოფილა.   საერთოდ, ამ  თემაზე  საუბარი არ მსურს.  ისიც ტყუილია, რომ მე მოსწავლეს ზედმეტ სახელს ვეძახდი.  ეს არასწორი და მცდარი ინფორმაციაა.   სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წამოვედი, იმიტომ რომ   მშობლის მხრიდან იყო ძალიან დიდი  შეურაცხმყოფელი ფაქტები და, როგორც ადამიანმა, გადავწყვიტე, სამსახურიდან წამოვსულიყავი.  პირადად, ჩემთვის შეურაცხყოფა არავის  მოუყენებია.   ჩემთან  მშობელს არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.  ამ ინფორმაციას  დირექციისგან ვიღებდი.    თავად,  მე,  საერთოდ, არ ვთვლი თავს დამნაშავედ. მე თუ მკითხავთ, ყველაზე დიდი პრობლემა  ბავშვს  მშობლებთან ჰქონდა. ისინი შვილთან ახლოს არ იყვნენ.  ბავშვი კი სტრესს განიცდიდა. არ ვიცი, რა სტრესი ჰქონდა,  მაგრამ  ფაქტია,  რომ ამ ყველაფერში ყველაზე დიდი პრობლემა  იყო  ოჯახისა და ბავშვის   ურთიერთობა. სკოლის ბრალეულობა აქ ნაკლებად არის.   მობილურთან დაკავშირებული სიტუაცია თვითმკვლელობასთან საერთოდ არაფერ შუაშია. მოზარდს უფრო სხვა პრობლემა ჰქონდა.  დამატებითი კითხვებისთვის გამოძიებას მიმართეთ“.
ფაქტია,  სკოლის დირექტორმა საკუთარი შეურაცხყოფის შემდეგ სამოქალაქო თავდაცვის პედაგოგი  ნათია ხლუსიძე პირადი განცხადების საფუძველზე სკოლის შენობა დაატოვებინა.
იმავე წელს,  დეკემბერში, 178-ე საჯარო სკოლაში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა.
ფაქტი:  სკოლის მე-12  კლასის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  სამართალდამცველებმა ვ.ბ.  მამის ავტოფარეხში  ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ 115 -ე მუხლით,  თვითმკვლელობამდე მიყვანით აღიძრა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ვ. ბ.-ს  თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება დასრულდა. დამნაშავე არ გამოკვეთილა.  თვითმკვლელობის მოტივად კი ფინანსური პრობლემა დასახელდა.
ამ ტრაგედიებისა და ინციდენტების შემდეგ,  ნანა ლაბაძე  178 – ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას 2014 წლის სექტემბრამდე აგრძელებდა.  ახალი სასწავლო წლის დაწებისას, 5 სექტემბერს   სკოლაში  სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით,  ნანა ლაბაძეს  ერთხმად დაუჭირეს მხარი,   რის შედეგადაც ნანა ლაბაძე დირექტორად დაინიშნა. მეორე დღესვე მან საკადრო ცვლილება განახორციელა. სასწავლო ნაწილის გამგე და მისი პირველი მოადგილე თინათინ ქემაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ხოლო მის ადგილზე   დაწყებითი განათლების პედაგოგი ია წიკლაური დანიშნა.
„კანონი მაძლევდა უფლებას, რომ ჩემი პირველი მოადგილე მომეხსნა და მის შემცვლელად დავნიშნე  ია  წიკლაური..  რაიმე დაპირისპირება თინათინ ქემაშვილთან არ მქონია და ჩემი კომპეტენცის ფარგლებში მივიღე გადაწყვეტილება. თუ რატომ,  ამას ჩემთვის დავიტოვებ…   ის სამსახურიდან არ გამითავისუფლებია,  ის ჩემი მოადგილის თანამდებობიდან გადავაყენე და  გარკვეული საათები მივეცი სკოლაში“,-  აცხადებს    ნანა ლაბაძე.
დირექტორის გადაწყვეტილება პედაგოგებმა პედსაბჭოზე შეიტყვეს.
„როგორც ვიცი, კანონის კომპეტენციის ფარგლებში დირექტორს ჰქონდა უფლება, რომ   ახალი გუნდით მოსულიყო სკოლაში.  პედსაბჭოზე ვისხედით  და მაშინ შევიტყვე,  რომ   დირექტორმა თავისი  მოადგილე თინათინ ქემაშვილი სხვა მოადგილით ჩაანაცვლა. მე ვინ მკითხავს?  ან რა უფლება მაქვს?  დირექტორის კომპეტენციაში  მე არ შევიჭრები“… – ამბობს სკოლის პედაგოგი მზია  კელაპტრიშვილი.
მოზარდის ტრაგედიის შემდეგ  რეზო ს-ს ოჯახის წევრებმა  ბინა  გაყიდეს და  178-ე სკოლიდან საკმაოდ მოშორებით გადავიდნენ საცხოვრებლად.  ოჯახს კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც 178-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. დედამ ბავშვი ამ სკოლას მოაცილა და  სასწავლებლად სხვა სასწავლებელში გადაიყვანა.
P.S. აღსანიშნავია, რომ მასალის მომზადებისას 178-ე საჯარო სკოლის არცერთ პედაგოგს ამ  მოსწავლეთა თვითმკვლელობის ფაქტზე ღიად საუბარი არ სურდათ.  თუმცა,  „კვირა“ ყველანაირად შეეცადა, რომ ყველა მხარის პოზიცია დაფიქსირებულიყო. რაც შეეხება გარდაცვლილის დედას,  მან ჩვენთან შეხვედრა არ ისურვა,  სატელეფონო საუბარი კი შედგა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები