„ეუთოს რეზოლუციაში ამერიკის მხრიდან წარდგენილი რედაქცია, სადაც ცალკე არის მოხსენიებული აფხაზეთი და ოსეთი, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ცუდ თამაშს თამაშობს ამერიკა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ეს რეზოლუცია არაღიარების პოლიტიკის ერთგვარი დარღვევაა.
ჩვენი მოსაზრებები ამერიკა-რუსეთის ერთობლივ პოლიტიკურ თამაშებზე, ამ რეზოლუციიდან გამომდინარე, მყარდება. საქმე ეხება ქართველი ხალხის ყველაზე დიდ ოცნებას – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მას შემდეგ, რაც ჯერ ბიძინა ივანიშვილმა და შემდეგ პრემიერ მინისტრმა ღიად განაცხადეს შიდა კონფლიქტების მოგვარების შესახებ და ქართველ ხალხს დაჰპირდნენ, რომ ევროკავშირის წევრი საქართველო აფხაზებთან და ოსებთან  ერთად გახდებოდა, ხელისუფლების ბევრ არაკეთილმოსურნეს ბუნებრივია, ეს დამაჯერებელი დაპირება არ მოეწონებოდა. შედეგიც სახეზეა – ეუთოს რეზოლუცია, სადაც ერთიანი საქართველოს შესახებ ვეღარ ვკითხულობთ და რომელიც პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს.
თუკი, ქართული მომაკვდავი ოპოზიციის არჩევნებში მხარდაჭერის გამო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამაზე წავა, მაშინ გამოდის, რომ რუსეთის აგენტები არა მარტო ოპოზიციაში, არამედ, მათ პატრონებშიც  ყოფილან. ამ თემით ქართველ ხალხთან თამაში ცუდ შედეგს მოუტანს ნებისმიერ ქვეყანას,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.