თემურ მენაფირე – ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს: მადლობა, რომ შეგვახსენეთ, რას ნიშნავს სა-ქარ-თვე-ლო! – მადლობა, რომ ყველას ერთმანეთი თავიდან შეგვაყვარეთ

მადლობა, რომ მადლიერება დააბრუნეთ ამ ქვეყანაში. მადლობა, რომ შეგვახსენეთ, რას ნიშნავს სა-ქარ-თვე-ლო! – ამის შესახებ სკოლა „ლამპარის“ დირექტორი, თემურ მენაფირე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მენაფირე აღნიშნავს, დღეს ქართველ ბავშვებს ნაკრების ფეხბურთელების მსგავსი პროფესიონალი, დისციპლინირებული, ამაყი და გამარჯვებული მისაბაძი გმირები ჰყავთ.

„მადლობა, რომ მადლიერება დააბრუნეთ ამ ქვეყანაში.

მადლობა, რომ შეგვახსენეთ, რას ნიშნავს სა-ქარ-თვე-ლო!

მადლობა, რომ ჩვენს ხმის იოგებს დიდი პრობლემები შეუქმენით.

მადლობა, რომ ამ ორ კვირაში ყველას ერთმანეთი თავიდან შეგვაყვარეთ.

მადლობა, რომ გარეთ პრობლემის კი არა, სიხარულის გამო გაგვიყვანეთ.

მადლობა, რომ აწი ყველაფერი იქნება სხვანაირად.

მადლობა, რომ უცხოელებს დღეიდან Georgia შტატად კი არა, ყველაზე სანახაობრივი და ლამაზი ფეხბურთის ქვეყნად ეცოდინებათ. კიდევ თავგანწირვის, ბრძოლის და გულიანი თამაშის ქვეყანად.

მადლობა, რომ ზუსტად მაშინ ჩაიდინეთ სასწაულები, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა.

მადლობა, რომ თქვენს ახალგაზრდა მხრებზე იტვირთეთ ამ დაჩაგრული ქვეყნის სიმძიმე და ყველაზე ღირსეულად ატარეთ.

ქოჩორ, ჩვენო ქოჩორა ბიჭო, არ შეიჭრა თმა, შენ უკვე ისედაც ყველაფერი გააკეთე. მადლობა სიმამაცისთვის, გამბედაობისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის და ეჭვი არასდროს შეგეპაროს, რომ არავის არსად ისე არ უყვარხარ, როგორც აქ, ამ ქვეყანაში.

ჩაკვე, მადლობა, რომ შენს თავსაც აჯობე და იმაზე უფრო ძლიერი დაგვიბრუნდი, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ. აი, ეგეთი, ხალასი, ლაღი და თავისუფალი რომ ხარ და ჩვენთვის იბრძვი, მადლობა. უდიდესი ხარ.

კიტე, მადლობა, რომ ისეთი დიდი ხარ, უშენობა მარტივად გვეტყობა. გვაღელვებ და გგულშემატკივრობთ.

გიო გველესიანო, ჩვენო აღმოჩენავ. მადლობა, რომ ყველაზე შორს გადახვეწილმაც ჩვენთვის იბრძოლე ბოლომდე და ბოდიში, რომ აქამდე არ გიცნობდით. რონალდოს არ დაავიწყდები.

რონალდოზე, ბარემ. ლოჩო, მადლობა, ფეხბურთის ლეგენდასაც რომ არ შეეპუე და ეს ჩვენთვის გააკეთე, ლაღად და თავისუფლად.

კაპიტანო, ჩემო კაპიტანო. მადლობა საუკეთესო თავკაცობისთვის და ჩვენი ჯერ პატარა ბიჭების პატრონობისთვის. შენ როცა გვიცავ, ჩვენ მაშინ გვჯერა.

ბუდუ, მადლობა თვალებში მზეები რომ გიბრჭყვიალებს და ისე გვათბობ, რომ უშენობით გვცივა და ვჩხუბობთ. იმ ორი გოლისთვის მადლობა და ასეთი სუფთა რომ ხარ მაგისთვისაც!

ჟოღჟ, მადლობა ყველას რომ აჩვენე, რომ სადაც არ უნდა დაიბადოს, ქართველი პირველ რიგში – ქართველია. თუ ერთხელ შემოგეპარა აქაური სისხლი ძარღვებში, მისი ეროვნული მაისურის იქით ვეღარც გაიხედავ და აღარც მოგინდება. მადლობა, რომ დაგვიბრუნდი და გაგვამარჯვებინე. მადლობა, რომ ჩვენი ხარ შენი ოქროს ფეხებიანად. მადლობა, რომ სულ „ცადობ გოლები იტანო“. შენ წინ იარე, ჩვენ შენ უკან ვართ!

მამარდ, შენი სიმაღლის მადლობა, მგონი, არც არსებობს. საუკეთესო ხარ, ყველაფრით და ამისთვის მადლობა. მყინვარივით რომ გვადგახარ თავზე, მადლობა. სიდინჯის, სიმშვიდის მაგალითი რომ ხარ, მაგისთვისაც მადლობა. რომ გაგვადიდგულე და გაგვათავხედე და დიდებთან შეგვაჯიბრე, მადლობა. რომ გვჯერა, რომ „მამარდა კარს აიღებს“ – მადლობა. ასე ძალიან რომ გვიყვარხარ, მაგისთვისაც მადლობა.

კვარა, ჩვენო კვარადონა, კვარავაჯო, ჩვენო მეგრელო კვარაცხელიავ – მადლობა, რომ ქვეყანაში ფეხბურთი დააბრუნე. მადლობა, რომ ფეხბურთის გარდა ამ ქვეყნით სიამაყის განცდა დააბრუნე. ბავშვობის ემოციები, გულწრფელი და ძალიან სუფთა სიხარული რომ დაგვიბრუნე მაგისთვის მადლობა. მსოფლიო რომ შენით გვიცნობს მადლობა და შენს გუნდელებსა და მომავალ თაობას რომ ძალიან ბევრი კარი გაუხსენი – ამისთვისაც მადლობა. ძალიან დიდი ხარ, კვარა, ძააალიან დიდი და ამისთვის დიდი მადლობა!

ბიჭებო, ჩვენო ოქროს ბიჭებო, მადლობა, რომ ბავშვების გმირები გახდით. ბავშვები რომ ეზოებში დააბრუნეთ და იქიდან რომ თქვენი გვარები ისმის, ის რომ ვერ გაუყვიათ ვინ მამარდა იქნება და ვინ ქოჩორა, მადლობა! ამაზე დიდ საქმეს მაგ ჩემპიონატზე ვერ გააკეთებდით. თქვენნაირი პროფესიონალი, დისციპლინირებული, ამაყი და გამარჯვებული მისაბაძი გმირები ჰყავთ დღეს ამ ქვეყანაში ბავშვებს, რომლებიც გაიზრდებიან და თავიანთ წილ მადლობას გეტყვიან თავიანთი წარმატებებით.

„კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,

ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!“.

ჩვენი ბიჭები მოვიდნენ და გაიმარჯვეს და ამისთვის მადლობა!“, – წერს თემურ მენაფირე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები