ლევან იოსელიანი: აუცილებელია დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა
პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მმართველობის ცალკეული შემთხვევები; დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო – სისტემის გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
“აუცილებელია დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა; ასევე სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის. უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული რეჟიმის დანერგვა,” – განაცხადა იოსელიანმა.