მერაბ ქვარაია: რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან განცხადებები იმიტომაც კეთდება, რომ ერთგვარი საზრდო იყოს სულთმობრძავი ოპოზიციისთვის

„არ მეგონა, თუ ამ ქვეყანაში კიდევ იყო აქტუალური გამოთქმები: არა რუსულ კანონს, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ და მსგავსი, რადგან მთელმა საქართველომ დაინახა, რომ ვიღვიძებთ საქართველოში, ვაგრძელებთ ცხოვრებას საქართველოში, ვაგრძელებთ სვლას ევროპისკენ, განვითარებისკენ და იმ ისტორიული გზისკენ, რომლითაც დღემდე მოვედით”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის განცხადებებით არის ნასაზრდოები.

„რჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი ტიპის განცხადებები იმიტომაც კეთდება დასავლეთისა თუ ევროპის ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, რომ ერთგვარი საზრდო იყოს სულთმობრძავი ოპოზიციისთვის”, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ და დასძინა, რომ ოპოზიციამ მრავალწლიანი მავნებლობის მიუხედავად, მაინც ვერაფერი გააწყო.

„ისინი აქციებს აწყობენ და თვითონ მისი წარმომადგენლები აქციებზე ვერ ჩნდებიან; სიტყვას იტყვიან და მათივე ორგანიზებულ აქციებზე დევნის ხალხი. ეს ის ადამიანებია, რომლებმაც ქართველ კაცს უდიდესი ქველმოქმედებაც კი დაუწუნეს და ამის თავხედობაც ეყოთ. საერთოდ, ეს ადამიანები ყველაფერს კადრულობენ. მათ დღეს ერთადერთი ამოცანა დარჩათ, ეშმაკსაც კი შეეკრან, ოღონდ ახალ პარლამენტში ადგილები „დაიბეონ”, მაგრამ ქართველი ხალხი სხვანაირად ფიქრობს და გადაწყვეტილებაც სხვაგვარი იქნება”,- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები