დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს, ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილში გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა
რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს, ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილში გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, რომ არ გავიხსენოთ 2012 წლამდე არსებული ვითარება და თანამედროვე რამდენიმე წლის ისტორიას გადავხედოთ, ისეთ ფაქტებს წავაწყდებით, შეძრწუნდება ადამიანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ეს ძალები გაერთიანებას ცდილობენ ზურაბიშვილის ფანჩატურში, რომელსაც სამართლიანად „ომის ქარტია“ ვუწოდეთ. ცოტა უჭირთ, მაგრამ ეტყობათ, დავალება აქვთ მიღებული ქვეყნის გარედან, ეს უსამშობლო ადამიანები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ გარკვეულწილად გაერთიანებას ახერხებენ და საინტერესოა, დღეს ვინ არის რეალურად მათი მედროშე, ზურაბიშვილი, რომელიც თავისი „მარგალიტებით“ არის ცნობილი?“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, უზნეობაა სალომე ზურაბიშვილის ქცევა, რომელმაც ღირსების ორდენთან დაკავშირებით ადამიანები, რომლებმაც საქართველოს გაამარჯვებინეს, დაყო, ვინ არის ორდენის მიღების ღირსი და ვინ – არა. ასევე, დიპლომატიურ კორპუსს დემარშისკენ მოუწოდა.
„მას ეს არ გამოუვა, რადგან დიპლომატიური კორპუსი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი მთავრობა თავის ადგილას მყარად დგას, თუმცა მძიმე სანახავია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოქმედებს არა ქვეყნის კონსტიტუციით, არამედ გარედან მიღებული დავალებებით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.