ირაკლი კირცხალია – ჩვენ ვამყარებთ ქვეყნის სუვერენიტეტს, ვინარჩუნებთ ღირსებაზე დაფუძნებულ რეალურ დამოუკიდებლობას და ამ ღირსებით მივაღწევთ საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას
„ჩვენ ყველანი ნათლად ვხედავთ, თუ რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში, თუ რა ვითარებაა ევროპის შუაგულში, რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და ამ ყველაფრის ფონზე, ამ ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს განგრძობად მშვიდობას, რაც კონვერტირდება მდგრად ეკონომიკურ სტაბილურობაში”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ 2024 წლის პირველი 4 თვის მაჩვენებლებით, ქვეყანაში დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას იძლევა, წლევანდელი უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტი 360 მილიონი ლარით გაიზარდოს და ეს ზრდა არსებითად გადანაწილდეს ისეთ სფეროებზე როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა და ასევე, რეგიონული განვითარება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორი, საიდანაც ქვეყანას წელს 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავლის, მოლოდინი აქვს.
„მხოლოდ კვარტალურ ჭრილში რომ შევხედოთ ამ სფეროდან დაფიქსირდა რეკორდული 808 მილიონიანი შემოსავალი, რომელიც პანდემიამდე მაჩვენებელს 40%-ით აჭარბებს. აუცილებლად უნდა ვახსენო ანაკლიის პორტი, პროექტი, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენს რეგიონში და ჩვენს ქვეყანას ანიჭებს უმნიშვნელოვანეს და საკვანძო როლს შუა დერეფნის ჭრილში”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა საქართველოსთან მიმართებაში რამდენიმე საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევებზე და სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ატლანტიკური საბჭოს” თავისუფლების ინდექსით, საქართველო 164 ქვეყანას შორის ღირსეულ პოზიციას იკავებს და უსწრებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა ქვეყანას, ნატოს 6 წევრ ქვეყანას და ევროკავშირის 2 წევრ ქვეყანას.
„შეფასების კრიტერიუმები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა სამოქალაქო თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი არჩევნები და უსაფრთხოება”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
იგი ასევე გამოეხმაურა, მსოფლიო ბანკის პროგნოზს, რომლის თანახმად, საქართველო თავისი გონივრული ეკონომიკური პოლიტიკით განაგრძობს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო ლიდერობს არა მარტო რეგიონში არამედ, უსწრებს ბევრ განვითარებულ ეკონომიკას სხვადასხვა მიმართულებით.
„ახლა ვკითხოთ მეგობრებო პირველ რიგში, საკუთარ თავს და შემდეგ ყველა ჩვენს კეთილ მოსურნეს – რა არის ევროკავშირის მიმართულებით გზა – თუ არა პირველ რიგში ეკონომიკური კეთილდღეობა, თუ არა თუ არა ფუნდამენტური თავისუფლებები? ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაც „ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში მიგვიძღვის ევროპულ გზაზე, ეს არის ის მონაცემები და ის მაჩვენებლები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ობიექტურად დაიმსახურა”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების კვალდაკვალ, ხელისუფლება სწორედ პრაგმატული, გონივრული და რაც მთავარია, ეროვნული პოლიტიკით ინარჩუნებს მშვიდობას – რაც არის ეკონომიკური სტაბილურობის თუ განვითარების გარანტი.
„ჩვენ ვამყარებთ ქვეყნის სუვერენიტეტს, ვინარჩუნებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რაც პირველ რიგში, დაფუძნებულია ღირსებაზე და სწორედ ამ ღირსებით მივაღწევთ იმ ისტორიულ მიზანს, რასაც საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია”, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.