გიორგი სოსიაშვილი: ჩვენი გუნდი არასოდეს დაუშვებს ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებას, არასოდეს დაუშვებს უწესობის პროპაგანდას
„არასოდეს არ დაიჩაგრება საქართველოში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი, არასოდეს იქნება დასჯილი არატრადიციული წესით მცხოვრები ადამიანი, მაგრამ ჩვენი გუნდი არასოდეს დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებას, არასოდეს დაუშვებს უწესობის პროპაგანდას იმიტომ, რომ ჩვენ ვართ რუსთაველის სამშობლო, ჩვენ ვართ ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული დიდი კულტურის შემოქმედი ერი, რომელმაც თავისი განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საკაცობრიო კულტურის საგანძურში”, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მისი შეფასებით, ერთგვარი პარადოქსია, როდესაც საქართველოში აღნიშნულ საკითხებზე გვიწევს საუბარი.
„ქართველმა ადამიანმა სისხლით დაწერა თავისი ისტორია, გაიარა გოლგოთა და ჯვარცმა, ერთგვარი კავკასიური ვია დოლოროსა გვაქვს გავლილი და მიუხედავად ამ უბედურებისა, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ 21-ე საუკუნემდე ღირსებით შევინარჩუნეთ სამშობლო, ჩვენი ტრადიციები და არასოდეს შეგვიქცევია ზურგი ჩვენი ზნეობისთვის. პირიქით, ჩვენი ეროვნული ცნობიერების მთავარ საყრდენად გადავაქციეთ ქრისტიანული ეკლესია, ქვეყანაში, სადაც ქრისტეს ხუთმა მოციქულმა იმოღვაწა, სადაც ქართველი ადამიანი იცავდა და სისხლს ღვრიდა თავისი სამშობლოსთვის, ქრისტესთვის და ოჯახისთვის, ვერასოდეს ვერ შემოგვაჩეჩებენ ყალბ ფსევდოლიბერალურ ფასეულობებს”, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ასეთი საქართველოსთვის გამოვიდა 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ჩვენი საზოგადოება, ასეულ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე და დააფიქსირა თავისი პოზიცია.