ჯოზეფ ბორელი: განვიხილავთ საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას და გადავხედავთ ევროპის სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერას

ჩვენ განვიხილავთ მთავრობისთვის ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერებას და გადავხედავთ ევროპის სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ საქართველოს მთავრობა მოქმედების კურსს არ შეცვლის, ქვეყანა ევროკავშირის გზაზე ვერ წავა.

„მაისის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ, ზედიზედ მეორედ განვიხილავთ საქართველოში შემაშფოთებელ პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის – საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ამ კანონის მიღებას. ჩვენ ვწუხვართ, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ ოფიციალური აქტორებისგან. უმაღლეს დონეზე მოვისმინეთ ამ პირებისგან, რომლებიც, ჩემდა გასაოცრად, აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას აახლოებს ევროკავშირთან. მინდა გარკვევით ვთქვა, რომ: არა და არა. ეს კანონი და მის გარშემო არსებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. შემიძლია ვთქვა უფრო ხმამაღლა, ნათლად. თუ მთავრობა არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირის გზაზე ვერ წავა.

მე გავავრცელე სავარაუდო ზომების შესახებ დოკუმენტი და ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს. საჭიროებისამებრ მოვარგებთ ჩვენს ზომებს. ჩვენ შევამცირებთ ჩვენს პოლიტიკურ კონტაქტებს და საქართველოსთან ურთიერთობას. ჩვენ განვიხილავთ მთავრობისთვის ჩვენი ფინანსური დახმარების შეჩერებას და გადავხედავთ ევროპის სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერას. ეს შეიძლება გაკეთდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შესწავლას და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, მეტი ზომების მიღებას.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მის აბსოლუტურ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს მომავლის სასარგებლოდ ევროკავშირში მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები