ნანა კაკაბაძე: სიტყვები „სტრატეგიული პარტნიორიც“ ხომ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს ამა თუ იმ ქვეყანასთან ასეთი ურთიერთობის ანუ პარტნიორობის დამყარება

სიტყვები „სტრატეგიული პარტნიორიც“ ხომ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს ამა თუ იმ ქვეყანასთან ასეთი ურთიერთობის ანუ პარტნიორობის დამყარება, – წერს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე.

ნანა კაკაბაძე რამდენიმე თემაზე აშშ-ის მხრიდან დაფიქსირებულ პოზიციებს განიხილავს, მათ შორის ანაკლიის პორტის, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების, ჩინეთთან ურთიერთობისა და გამჭვირვალობის კანონის საკითხებზე.

„პარტნიორობა და ინტერესები არაერთხელ გვითქვამს, რომ პოლიტიკაში, მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს ყველა ქვეყანას. მეგობრობა, ძმობა, პარტნიორობა და სხვა ლამაზი სიტყვები იმდენად არის ქვეყნებს და ხალხებს შორის რელევანტური, ურთიერთობების დროს, რამდენადაც კონკრეტულ მოცემულ სიტუაციაში ეს შედის ქვეყნის ინტერესებში. სიტყვები „სტრატეგიული პარტნიორიც“ ხომ იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედიოდეს ამა თუ იმ ქვეყანასთან ასეთი ურთიერთობის ანუ პარტნიორობის დამყარება.

მაგრამ როდესაც პარტნიორების ინტერესები კონკრეტულ სიტუაციაში თანხვედრაში არ მოდის შენს ქვეყანასთან, მაშინ იწყება იმ პრინციპის ამუშავება, რომელსაც ჰქვია „დიდ კაცსა პატარა კაცთან როდის გასვლია მართალი“? ეს ყველაფერი სულ ახლახანს შეგვახსენა აშშ-ს ელჩმა დანიგანმა, როდესაც მიგვანიშნა, რომ აშშ-ს ინტერესებს ეწინააღმდეგება ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის ჩართვა. მანამდე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა სხვადასხვა მაღალჩინოსნის პირით გვითხრა, რომ აშშ-ს ინტერესებს ეწინააღმდეგება „გამჭვირვალობის კანონის“, ელგბტქ+ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონის თუ სხვა კანონების მიღება.

კიდევ უფრო ადრე ასევე პირდაპირ გვითხრეს, რომ აშშ-ს ინტერესებშია საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და აქ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა.

უხეშად რომ ვთქვათ, გვეუბნებიან, ჩვენს ინტერესებშია შენ იყო ჩვენთვის გამოსადეგი საზარბაზნე ხორციო. ამ ეტაპზე რუსეთის უფრო მეტად გასაშავებლად გამოსაყენებელი მასალაო.

„ლიბერალებად” წოდებული, ჩვენი ბოლშევიკურ-ფაშისტური ოპოზიცია, ამ მოსაზრებას დასცინიან, როგორ შეიძლება აშშ-ს ინტერესებში იყოს საქართველოში რუსების ჯარის შემოყვანა, როდესაც ჩვენ მათ ვერ დავამარცხებთ და ეს ხომ აშშ-ს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებსო?

კი, ბატონო მაგრამ, ამ ომში ხომ უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინგრა, მილიონამდე უკრაინელი ჩაიხოცა, ათეულ მილიონობით ლტოლვილად იქცა, ამ ომიდან, უკრაინის გამარჯვებულად გამოსვლა, სულ უფრო და უფრო უპერსპექტივო ხდება. ამის მიუხედავად აშშ და ნატო ასეულ მილიარდობით დოლარითა და უახლესი შეიარაღებით “ეხმარებიან” უკრაინას. რუსები კი მაინც წინ მიიწევენ, ესეც ხომ უარყოფითად მოქმედებს აშშ-ს იმიჯზე, მაგრამ მაინც ხელს უწყობენ უკრაინელების ხოცვასა და ხორცის მანქანაში ყოველდღიურ გატარებას, ეგრეთ წოდებულ, უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლას?
თუ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას მიაღწევენ, ამერიკელები არც ჩვენ დაგვამადლიან შეიარაღებას, მილიარდებსაც დაგვაყრიან თავზე და აქაც გაიმეორებენ, რომ მთავარია, რუსეთის დასუსტებისკენ მიმართულ ომში ამერიკელები და ევროპელები არ კვდებიანო.

ბოლო დღეებში გამოქვეყნდა ის შთამბეჭდავი ციფრები, რომლებიც აჩვენებენ, რომ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო და ბიზნეს-პარტნიორები არიან. ამ ფონზე, ელჩი დანიგანი ჩვენ გვამუნათებს, ჩინეთი თქვენს ოკუპანტ ქვეყანას უჭერს მხარს და თქვენ ანაკლიის პორტის მშენებლობა მას როგორ ჩააბარეთო? მოკლედ, დასავლეთისთვის დასაშვებია, საჭირო და საინტერესო ჩინეთთან თანამშრომლობა, ჩვენთვის კი მათი აზრით იგივე არ შეიძლება. მერე რა, რომ ეს საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებშია. მთავარი ჩვენთვის თურმე ის უნდა იყოს, არის თუ არა ეს აშშ-ს ინტერესებში. ანუ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, მენტორული ტონით გვეუბნება, რომ ამერიკის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე წინ უნდა დააყენოთო.

ანალოგიური ლოგიკა აქვთ „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებაშიც. ეს კანონი ჩვენს ინტერესებშიაო, ჩვენთან ეფექტურად მუშაობსო, მაგრამ თქვენთვის კი იგივე სიკეთე არ შეიძლება, რადგან საქართველოსთვის ჩვენ მას „რუსული“ დავარქვითო.
მე რომ აშშ და ევროკავშირი ვარ, მჭირდება რუსული გაზიც, რუსული ნედლეულიც და ვყიდულობ კიდეც, მაგრამ შენ რუსეთთან არ უნდა ივაჭროო. ვინაიდან აქაც ჩემი ინტერესი საკუთარ ინტერესზე წინ უნდა დააყენოო.

მე 4 მილიარდად გიყიდე წინა ხელისუფლებებისგან, გიყიდე „ბუას“ ფუნქციით, ასევე საზარბაზნე ხორცად რუსეთის წინააღმდეგ თუ “სამშვიდობო მისიებში“ გამოსაყენებლად, პაწაწინა ხარ და სხვა რა გზა გაქვს, რომ არ დამემონოო? საქართველოში, დიდი ფული მაქვს ჩადებული ჩემს აგენტურაში, თუ არ დამემონები, აგაყირავებ და დაგამხობო როცა მინდა და როგორც მინდაო-ემუქრება ხელისუფლებას. ასეთი არის პარტნიორობა დასავლურადო.

მიშასაც თავგამოდებით ვიცავთ და დავიცავთ, ვინაიდან მან პოლიტიკა ჩვენს ინტერესებს მოარგო და არა საკუთარი ქვეყნისასო. ზელენსკისაც ხომ იმიტომ ვაძლევთ უხვად ფულს, რომ რუსეთი საბოლოოდ დაამარცხოს ან ისე დაასუსტოს, რომ მერე ჩვენ გაგვიადვილდეს მისი დაშლა-განადგურებაო. უკრაინას ვაფინანსებთ და დავაფინანსებთ მანამ, სანამ ეს ჩვენს ინტერესებში იქნებაო.

აი, ეს არის რეალობა. ქვეყნის გარეთაც და საქართველოშიც, ვისაც დანახვა სურს, ხედავს, ხოლო ის ვინც ამ ყველაფრით ხეირობს, ის, გამწარებული მუშაობს გაბრიყვებულების ტვინების გამორეცხვაზე.

ვინც ფიქრობთ, რომ ეს რუსული ნარატივია, ყველას გელით ნებისმიერ ეთერში და იქ გავარჩიოთ თეთრი და შავი. იქნებადა მართლაც ჩვენზე მეტი გაქვთ გაკეთებული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში როდესაც რუსეთს მიტაცებული ჰქონდა ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი…

დღეს, თუ იგივეს სხვა, უფრო უკეთ დავარცხნილი ქვეყანა დაგვიპირებს, იმასაც ისე მოვექცევით დისიდენტები, როგორც საბჭოთა იმპერიას ვექცეოდით.

ჩვენი პოლიტიკა არ არის იზოლაციისკენ მიმავალი, პირიქით, ჩვენი მიზნები, ამოცანები და ინტერესები თანხვედრაშია, მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებთან. სწორედ ამიტომ გვჯერა გამარჯვების.
ის, რაც დღეს ხდება, უმცირესობის ბატონობა უმრავლესობაზე, არის ფაშიზმი და ბოლშევიზმი, ხოლო ჩვენი სწრაფვა უმრავლესობის მმართველობისა უმცირესობაზე, არის ჭეშმარიტი დემოკრატია. დარწმუნებულები ვართ, რომ მთელ მსოფლიოს, ისევე როგორც საქართველოს, თავს ახვევენ უმცირესობის ბატონობას უმრავლესობაზე. ვინაიდან, წარმოუდგენელია, დემოკრატიული მმართველობის დროს, მოქალაქეების უმრავლესობამ ნებაყოფლობით აირჩიოს არაბუნებრივი, არაადამიანური, არაჰუმანური ცხოვრების წესი და ადამიანური ბუნებიდან გადახრას ნორმა უწოდოს.

გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოშიც და მთელს მსოფლიოში გაიმარჯვებს მხოლოდ სწორი პოზიცია და პოლიტიკა, ამაზე მეტყველებს ევროპაში მიმდინარე არჩევნების შედეგი. სწორედ ამ პოზიციასთან არის თანხვედრაში ჩვენი გზაც. სამართლიანობა დაამარცხებს უსამართლობას,ორმაგ სტანდარტებს, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას და მას ჩაანაცვლებს, საზოგადოების ინტერესებზე მორგებული ნამდვილი დემოკრატია“, – წერს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები