გიორგი ცუცქირიძე – სხვადასხვა სპეკულაციური მცდელობების მიუხედავად, მაისში ლარის დეპოზიტები გაზრდილია

ლარის კურსის რყევა, რომ აჟიოტაჟური ხასიათისა იყო, რასაც თან დაერთო სპეკულაციური ელემენტი, რაც თავის მხრივ, სებ-ის განცხადებამაც დაადასტურა არაკეთილსინდისიერ ოპერაციებზე, ანუ ფაქტობრივად, კურსის შეგნებულად გაფუჭების მცდელობაზე, წმინდა მაკროეკონომიკური ფაქტორებითაც მტკიცდება. როდესაც მაისში სებ-ის მხრიდან ბაზარზე ინტერვენციების შეფასებისას, ხაზი გავუსვი კურსის სპეკულაციურ ხასიათს, მხედველობაში აღნიშნული გარემოება გვიქონია, რადგან ლარის გაუფასურება არ ეყრდნობოდა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების გაუარესებას, – წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

როგორც ექსპერტი „ფეისბუქის“ საკუთრ გვერდზე წერს, ბაზარზე აჟიოტაჟური და პანიკური სიტუაციების ზეგავლენა თავს რამდენიმე მიმართულებით იჩენს და ერთ-ერთი არის დეპოზიტების სტრუქტურა.

„სებ-ის დროული ინტერვენციების დანიშნულებაც ეგ არის, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ნეგატიური მოლოდინების ზეგავლენა სადეპოზიტო ბაზის ცვლილებებზე სალარე დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში კონვერტაციით ან სულაც დეპოზიტების გატანით“, – აღნიშნავს ცუცქირიძე.

მისი განცხადებით, მიუხედავად ორთვიანი საპროტესტო გამოსვლებისა და სიტუაციის რადიკალიზაციის მცდელობისა, წინასწარი მონაცემებით, მაისში ლარის დეპოზიტები 18%-ით გაიზარდა, რაც სამჯერ აღემატება უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპს, რაც გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვითაც კი ოდენ 6%-ით არის გაზრდილი.

„აღსანიშნავია, რომ ასევე კვლავ მაღალია ლარის დეპოზიტების მოცულობა, დოლარიზაციის მაჩვენებელი კი კვლავ 50%-ზე დაბალია, ხოლო მთლიანობაში შინამეურნეობების სალარე დეპოზიტები 33%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, ბოლო ორი თვის განმავლობაში, იურიდიული პირების ლარის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი იზრდებოდა, მაშინ როცა უცხოური ვალუტის ვადიანი დეპოზიტების ზრდის ტემპი პირიქით, შემცირდა, რაც ბიზნესის მხრიდან ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის მიმართ ცალსახად პოზიტიური განწყობების მანიშნებელია.

სადეპოზიტო ბაზის ლარიზაციის ზრდა, აჩვენებს რა პოზიტიურ მოლოდინებს ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, მნიშვნელოვანია სალარე დაკრედიტების ზრდის თვალსაზრისითაც.
წინასწარი მონაცემებით, მაისში დაკრედიტების მაჩვენებელი 19%-ით გაზრდილია, მათ შორის ლარში 21 %-ით.
ამასთან, დაკრედიტების სტრუქტურაში ძირითადი წვლილი ბიზნეს სესხების დაკრედიტებაზე მოდის, რაც ეკონომიკური აქტივობის თავისებური ინდიკატორია.
ნიშანდობლივია, რომ ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა და 5.2%-დან 6%-მდე შეიცვალა. ეკონომიკის ზრდის პროგნოზი აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გაზარდა 4.8 %-დან 5.2 %-მდე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ოთხი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9%-ზეა დაფიქსირებული, ხოლო აპრილში სულაც სარეკორდო 11.8 %-იანი ზრდა იყო, ეკონომიკური ზრდის სამომავლო პროგნოზზეც პოზიტიურად აისახება და წლიური ზრდის პროგნოზიც უფრო მაღალ ნიშნულზე იქნება დაკორექტირებული. მარტო ბიუჯეტში წელს დამატებით 360 მლნ ლარი იქნება მობილიზირებული.
ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მთლიანად აცლის ნიადაგს ქართული ოპოზიციის მოლოდინებს დასანქცირების ეფექტზე, რასაც ხელისუფლების ჩამოშლა უნდა გამოეწვია, რადგან ეკონომიკის მდგრადობისას, ფიზიკურ პირებზე დაწესებული სანქციები ეკონომიკაზე, რომ ნაკლებად ზემოქმედებს, ჩვენს შემთხვევაში კიდევ ერთხელ გახდა ცხადი“, – ნათქვამია გიორგი ცუცქირიძის პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები