თბილისის მერი წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის განცხადებით,   პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში  სრულად განახლდება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ. კონკრეტულად, ეს არის ბაგების არეალი, რომელიც  ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით,  რომ ყოველთვის პრობლემა იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” ქსელები, ასევე პრობლემას წარმოადგენდა  ტროტუარების არარსებობა, საპარკინგე სივრცეები. ძალიან ქაოსურად იყო ეს ყველაფერი და გვინდა, რომ მოვაწესრიგოთ.

პირველ რიგში, სრულად განახლდება კომუნიკაციები, ასევე, მოწესრიგდება  საგზაო ინფრასტრუქტურა, განთავსდება მიწისქვეშა ურნები, მოეწყობა  ტროტუარები და განათების ახალი სისტემა; ტერიტორია გამწვანდება და საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვა. პროექტი ოქტომბრის დასაწყისში უკვე დასრულებული იქნება”, – განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა,  სარეაბილიტაციო არეალში ტაქსების შეშვება დაშვებულია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი ავტომობილების საშვები უკვე გაცემულია.

„სარეაბილიტაციო არეალში  ტაქსების შეშვება დაშვებული არის. გარდა ამისა, 5000-მდე საშვი დაშვებულია მათზე, ვისაც ავტომობილი ჰყავს. საოცარი იყო, რომ გავიგე, 5000 ავტომობილზე იყო საშვი გაცემული.

ტაქსების შემოსვლა შესაძლებელი იქნება.  გზა ჩაკეტილია, რადგან  ვიწროა. სამუშაოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ ფორმით ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დროულად დასრულდეს სამუშაოები. ავტობუსი ფიზიკურად ვერ ივლის ამ მონაკვეთზე სამუშაოების მასშტაბიდან გამომდინარე. სივრცე არ არსებობს იმისთვის, რომ ავტობუსმა გაიაროს. პირველ რიგში, უსაფრთხოება არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი ადამიანი გადაჰყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ავტობუსის  შეშვება ამ მონაკვეთზე კატეგორიულად არ შეიძლება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.  გადაადგილების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელსაც სპეციალური საშვები გადაეცა.

ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს, ხოლო კერძო სახლებში მცხოვრები მოქალაქეები საშვებს მიიღებენ ვაკის რაიონის გამგეობაში, თამარაშვილის N10-ში ან  საუბნო განყოფილებაში, რომელიც  ფალიაშვილის N41-ში მდებარეობს. ამ მიზნით, ვაკის რაიონის გამგეობა და გამგეობის საუბნო განყოფილება ამ უქმეებზეც მუშაობს.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, საკრებულოს  თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ასევე, პარლამენტის   დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები