რუსეთის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო
რუსეთის ფედერაციის სასამართლომ „ქართული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო და ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, – ინფორმაციას რუსული მედია უშიშროების ფედერალური სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
FSB-ს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამხედრო სასამართლომ გასამხედროებული დაჯგუფება „ქართული ეროვნული ლეგიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო.
„ლეგიონის წევრები მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს და ასევე მონაწილეობენ დივერსიისა და ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაში რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის წამებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში“, – ნათქვამია სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში.
ამასთან, FSB -ში აცხადებენ, რომ განაგრძობენ ზომების მიღებას „ტერორისტული ორგანიზაცია „ქართული ეროვნული ლეგიონის“ წევრების მხრიდან საფრთხეების იდენტიფიცირებისა და აღკვეთის მიზნით“.
ინფორმაციისთვის, „ქართული ლეგიონი“ რუსეთში ტერორისტულად აღიარებული 51-ე ორგანიზაცია გახდა.