ოლაფ შოლცი უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე: ეს არის მკაფიო სიგნალი ვლადიმერ პუტინისთვის
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის.
”ეს არის მკაფიო სიგნალი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რომ მას არ შეუძლია უბრალოდ გულხელდაკრეფილი იჯდეს და იმედოვნებდეს, რომ შეძლებს ამ ომის მოგებას ფინანსური პრობლემების გამო მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებიც დღეს უკრაინას უჭერენ მხარს,” – განაცხადა შოლცმა.
ამასთან, ოლაფ შოლცის თქმით, დიდი შვიდეულის გეგმები უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესახებ ცხადყოფს, რომ მდიდარი ინდუსტრიული ქვეყნები უკრაინის ერთგული რჩებიან.
მისივე თქმით, „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებამ ასევე უნდა მისცეს უკრაინელებს გამბედაობა, გააგრძელონ თავიანთი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა.
„ამ თანხების გამოყოფა ნიშნავს, რომ უკრაინა შეძლებს შეიძინოს საჭირო იარაღი და დააფინანსოს რეკონსტრუქცია“, – აღნიშნა შოლცმა.
ინფორმაციისთვის, „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბოლომდე, გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინას სესხის სახით 50 მილიარდი აშშ დოლარი გადაეცემა.