უკრაინა ევროკავშირისგან ივნისში 1.9 მილიარდ ევროს მიიღებს
ევროკავშირი უკრაინას Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში 1.9 მილიარდი ევროს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დე ლეიენმა ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ თვის ბოლომდე ჩვენ უკრაინას დამატებით 1.9 მილიარდ ევროს გამოვუყოფთ უკრაინის დაფინანსების მექანიზმიდან. ეს დაკავშირებულია ყოვლისმომცველ რეფორმისა და საინვესტიციო სტრატეგიასთან, რომელიც უკრაინამ დაამტკიცა და რომელსაც „უკრაინის გეგმა“ ჰქვია“, – აღნიშნა ურსულა ფონ დე ლეიენმა.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დასახმარებლად ივლისში ხელმისაწვდომი გახდება კიდევ 1.5 მილიარდი ევრო – შემოსავალი გაყინული რუსული აქტივებიდან.
„ჩვენ ვაგროვებთ ფინანსურ ძალას, რათა უკრაინას წინააღმდეგობის გაწევასა და აღდგენაში დავეხმაროთ. რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, 1.5 მილიარდი ევროს ოდენობით, ივლისში ხელმისაწვდომი გახდება“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
აღსანიშნავია, რომ ფონ დერ ლაიენის განმარტებით, „უკრაინის გეგმის“ მთავარი მიზანია ქვეყანა მიმზიდველი გახადოს ბიზნესისა და ინვესტორებისთვის და უკრაინა ევროკავშირთან დააახლოოს.