ივანე ჩხაიძე: “ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატება ფიქსირდება”
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატება ფიქსირდება.
ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ყივანახველას არ უნდა შევხედოთ, როგორც მსუბუქ, ხველით მიმდინარე ინფექციას.
“კიდევ ერთი თავისებურება, რაც წლევანდელ წელს სასუნთქი სისტემის მწვავე ავადობის თვალსაზრისით აქვს, ყივანახველას შემთხვევების მკვეთრი მატებაა. თუ 2023 წელს, მთელი წლის განმავლობაში სულ 117 შემთხვევა იყო, წელს 11 ივნისისთვის ყივანახველას 687 შემთხვევა გვაქვს. ეს, პირველ რიგში, ჩავარდნილი ვაქცინაციის შედეგია. პანდემიის 2-3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა მშობელმა გადაწყვიტა, ვაქცინაციისგან თავი შეეკავებინა, პანდემიის დასრულებას ელოდნენ, ფიქრობდნენ, რომ ვაქცინაცია დამატებითი რისკია, რამაც მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია. ვაქცინით მოცვის მაჩვენებელში 5 %-ის კლება უკვე ძალიან დიდი კლებაა. 5-6 % საკმარისია იმისთვის, ჩაითვალოს, რომ ათასობით ბავშვი ვაქცინის გარეშე დარჩა. ზუსტად ასე მოხდა, არა მარტო საქართველოში, ძალიან ბევრი ქვეყანა ყივანახველას შემთხვევების მკვეთრ მატებას აღნიშნავს. მატება არა მხოლოდ ბავშვებს ეხებათ, მოზრდილებშიც აღინიშნება. “რადგან ვაქცინა გამოვტოვე, შემდეგ გვიან იქნება”- რატომღაც ასე თვლიან. ასე ნამდვილად არაა. ნებისმიერი ვაქცინაციის კაბინეტი მზადაა, თქვენი შვილის ვაქცინაციის სტატუსის შესაბამისად ინდივიდუალური გეგმა შეგიდგინოთ და გამოტოვებულ ვაქცინებს დაეწიოთ. ყივანახველა არაა დაავადება, რომელიც მხოლოდ ხველით მიმდინარეობს, არცთუ იშვიათად სერიოზული გართულებები ახასიათებს. პირველ რიგში, მხედველობაში ფილტვების ანთება გვაქვს, ყივანახველათი გარდაცვალების შემთხვევებიც ფიქსირდება. ასე, რომ ამ დაავადებას არ უნდა შევხედოთ, როგორც მსუბუქ, ხველით მიმდინარე ინფექციას. ყივანახველას დროს ხველის ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია, 3 თვეს, შეიძლება, მეტიც გაგრძელდეს. განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გართულების ალბათობა ძალიან მაღალია.”- განაცხადა ჩხაიძემ.