“აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი კახეთის რეგიონის მეწარმეებს შეხვდა

“აწარმოე საქართველოში” კახეთის საკონსულტაციო ცენტრში სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

მიხეილ ხიდურელმა რეგიონის მეწარმეებთან სააგენტოს მიერ დაგეგმილი სიახლეებისა და საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სააგენტოს დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ბიზნესის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმებზე და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, ასევე საკონსულტაციო ცენტრების აქტივობებზე, რაც რეგიონში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ საკონსულტაციო ცენტრების გახსნა რეგიონებში, ჩვენი პროგრამების ეფექტურობის გაზრდის მიზნით. მთავარი, რასაც გააკეთებს ეს საკონსულტაციო ცენტრები, არის მეწარმეების დახმარება ადგილზე, არამარტო ფინანსური, არამედ ტექნიკური თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ბიზნესი გაიხსნა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათ შორის სახელმწიფოს დაფინანსებით და საჭიროა ამ ბიზნესების ყოველდღიური დახმარება, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის – ფინანსების მართვის, მარკეტინგის, საგადასახადო, იურიდიული თუ სხვა მიმართულებით.

საკონსულტაციო ცენტრს ექნება საინფორმაციო ხასიათი, სადაც კახეთის რეგიონის მეწარმეები მიიღებენ ინფორმაციას როგორც “აწარმოე საქართველოში” არსებული პროგრამების შესახებ, ისე სხვა სახელმწიფო უწყებების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდამჭერი პროგრამების შესახებ. ცენტრში მეწარმეები ადგილზე გაივლიან დიაგნოსტიკას, გამოიკვეთება მათ წინაშე არსებული მსხვილი გამოწვევები, შემდგომ კი სააგენტო ფინანსურად უზრუნველყოფს, რომ მეწარმემ საკონსულტაციო მომსახურებით გამოასწოროს საკუთარი ბიზნესის ხარვეზები” – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ხიდურელმა.

“აწარმოე საქართველოში” კახეთის საკონსულტაციო ცენტრი მარტში გაიხსნა და რეგიონის მეწარმეებს შემდეგი მიმართულებებით უწევს დახმარებას: საკონსულტაციო მომსახურება, ბიზნეს-უნარების გაუმჯობესება, ინფორმაციით უზრუნველყოფა. მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს.

“აწარმოე საქართველოში” საკონსულტაციო ცენტრები უკვე საქართველოს სამ რეგიონში ფუნქციონირებს: სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა და კახეთი. 2025 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით 11 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები