“მოსახლეობას მოვუწოდებთ, სურსათის არაორგანიზებულ ადგილებში შეძენისგან თავი შეიკავონ” – „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ რეკომენდაციები ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით

“მოსახლეობას მოვუწოდებთ, სურსათის არაორგანიზებულ ადგილებში შეძენისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ისეთისგან, როგორსაც ცხოველური წარმოშობის სურსათი წარმოადგენს, ესაა ხორცი, ხორცპროდუქტები, რძე , რძის პროდუქტები , თევზი, კვერცხი, “- ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა ვასილ კვერნაძემ განაცხადა.

კვერნაძემ ცხელი სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართა.

“მოგეხსნებათ, “სურსათის ეროვნული სააგენტო” და “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი” მჭიდრო ურთიერთობაში არიან, ყოველდღიურ რეჟიმში შესაბამის ინფორმაციას ვცვლით. მიმდინარე წელს, დღეის მდგომარეობით, სავარაუდო სურსათისმიერი ჯგუფური დაავადების შესახებ 7 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ინფორმაცია “დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდანაა” შემოსული. აღსანიშნავია, ამ საკითხის სეზონურობა. აღნიშნული დაავადებების გავრცელება ტემპერატურის მატებასთან ერთად უფრო მეტად მწვავდება ხოლმე. წინ ზაფხულის პერიოდია, მოსახლეობას მოვუწოდებთ, სურსათის არაორგანიზებულ ადგილებში შეძენისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით ისეთი სურსათისგან, როგორსაც ცხოველური წარმოშობის სურსათი წარმოადგენს. ესაა ხორცი, ხორცპროდუქტები, რძე , რძის პროდუქტები , თევზი, კვერცხი. ეტიკეტს, ვარგისიანობის ვადას მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ. თითოეული მომხმარებელი დააკვირდეს, პროდუქტს სად ყიდულობს, არის, თუ არა ტემპერატურული რეჟიმი დაცული. სურსათის უვნებლობის რისკების მართვის ნაწილში მომხმარებლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია . მომხმარებლებს მოვუწოდებ: თითოეული დაფიქსირებული შეუსაბამობის დროს შეუძლიათ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი, 15 -01 გამოიყენონ, მისი საშუალებით მოგვმართონ. უფლებამოსილი პირები ადგილზე რეაგირებას მოახდენენ, რათა ინტოქსიკაციები და არასასურველი შედეგები თავიდან იქნეს აცილებული” – განაცხადა კვერნაძემ.

მისი თქმით, სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიმდინარე წელს უკვე 10 000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლია განხორციელებული.

“გასულ წელს 32 000-ამდე სახელმწიფო კონტროლი განვახორციელეთ , ლაბორატორიული კვლევისთვის 5 500-ზე მეტი ნიმუში იქნა აღებული, დარღვევების რაოდენობამ 12 % შეადგინა. სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიმდინარე წელს უკვე 10 000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლია განხორციელებული. თუ აღნიშნულ მონაცემებს 10 წლის წინანდელს შევადარებთ: 10 წლის წინ სააგენტოს შესაძლებლობა ჰქონდა, წლის განმავლობაში სულ რაღაც 500-ამდე სახელმწიფო კონტროლი განეხორციელებინა. თუ შედარებას დარღვევების სახესთან და სპეციფიკასთან მიმართებით გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ ბიზნესოპერატორების დიდი ნაწილი სრულად მოჰყვება იმ საკანონმდებლო სიახლეებს, რომელიც ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში. გასული 12 წლის განმავლობაში იქნა მიღებული და იმპლიმენტირებული. ვფიქრობ, თითოეული ნაბიჯი, რომელიც სააგენტოს მიერაა გადადგმული, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სურსათის ბიზნესოპერატორების ყოველდღიურ საქმიანობაზე დადებითად აისახება.

სააგენტო ბიზნესოპერატორების კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. რაც შეეხება კონკრეტულ შეტყობინებებთან დაკავშირებით – სააგენტომ არაგეგმიური სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. ბიზნესოპერატორები შემოწმდნენ როგორც სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით, ასევე ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათის ნიმუშები იქნა შესყიდული. კვლევის შედეგად ოპერატორებს გარკვეული სახის პასუხისმგებლობები დაეკისრათ, ან მითითებები მიეცათ, რომ ის შეუსაბამობები აღმოეფხვრათ, რაც სურსათის უვნებლობას პოტენციურად საფრთხეს უქმნის. არის შემთხვევები, როდესაც მიკრობიოლოგიური დარღვევებია, ასევე დარღვევები, რომელიც ჰიგიენის ნორმების, ან ტემპერატურული რეჟიმების დაუცველობითაა გამოწვეული” – განაცხადა კვერნაძემ.

მანვე “სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან” დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 7 ივნისს აღინიშნება.

“დაახლოებით 5-6 წლის წინ “გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის” და ” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიერ 7 ივნისი “სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღედ” დაწესდა. იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემაში გვხვდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სურსათით გამოწვეული ადამიანის ინტოქსიკაციის შემთხვევები წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში საშუალო სტატისტიკური მონაცემებით 600 მილიონს შეადგენს. ყოველწლიურად ამ 600 მილიონიდან ლეტალურად 240 000 შემთხვევა ხასიათდება. მაღალი რისკჯგუფებია: 5 წლამდე ასაკის ბავშვები , სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, 60-65 წელს გადაცილებული ადამიანები, ფეხმძიმეები. გარდაცვალების შემთხვევების 40 % ბავშვებზე მოდის. სწორედ ამ ინფორმაციის შეხსენებისთვის , ყოველწლიური გამოწვევების დაძლევის მიზნით აღნიშნულმა ორგანიზაციებმა ეს დღე დააწესეს. ყოველწლიურად მათგან შესაბამისი გზავნილი მომდინარეობს. შარშან მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მთავარი გზავნილი იყო ის, თუ რა გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე სურსათის უვნებლობის სტანდარტები. წელს მესიჯია – “ემზადეთ მოულოდნელობებისთვის”. ეს მოულოდნელობები შესაძლებელია, იყოს ბუნებრივი კატაკლიზმები, საომარი მდგომარეობა და ა.შ. მნიშვნელოვანია, გამოწვევებთან დაკავშირებით თითოეულმა ჩვენგანმა, მომხმარებელმა, მაკონტროლებელმა, ბიზნესოპერატორმა, ფერმერმა, ჩვენი პასუხისმგებლობა სრულად გავითავისოთ იმისთვის, რომ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკები სწორად იქნეს მართული, შემცირებული, ან სრულად აღმოფხვრილი, რათა ჩვენი მოქალაქეები საკვებისმიერი დაავადებებისგან დაცულები იყვნენ”- განაცხადა კვერნაძემ.

 

თამუნა შეყილაძე 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები