შვედეთის პრემიერი: უკრაინის ბრძოლა შვედეთის ბრძოლაა
უკრაინის ბრძოლა შვედეთის ბრძოლაა, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.
შვედეთის პრემიერმა, ულფ კრისტერსონმა შვედეთის მიერ უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
კრისტერსონმა აღნიშნა, რომ დახმარების პაკეტი იმ ძირითად სამ საკითხზეა ფოკუსირებული, რომელიც უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, ესენია: საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, საარტილერიო საბრძოლო მასალა და ჯავშანტექნიკა.
„გუშინ, უკრაინის პრეზიდენტს, ზელენსკის ტელეფონით ვესაუბრე და გავიმეორე ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს: უკრაინის ბრძოლა შვედეთის ბრძოლაა. ჩვენ უკრაინას მხარს იქამდე დავუჭერთ, სანამ საჭირო იქნება. უკრაინა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც იბრძვის“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, შვედეთმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოყო, რომლის ფარგლებშიც ASC 890 სადაზვერვო და საკონტროლო თვითმფრინავს, ჯავშანტრანსპორტიორებს, Rb 99 რაკეტებს და საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს.
ეს სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე შვედეთმა უკრაინის დასახმარებლად გამოყო.