მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: ძალიან ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების გამო – ხელისუფლებამ უარი თქვა კანონპროექტის უკან გაწვევის საბოლოო შესაძლებლობაზე

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი „გამჭვირვალობის კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც მის განცხადებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმით, საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ამ კანონპროექტის უკან გაწვევის საბოლოო შესაძლებლობასა და მნიშვნელოვან დიალოგზე.

„ამ ნაბიჯის გადადგმით, საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, უარი თქვა ამ კანონპროექტის უკან გაწვევის საბოლოო შესაძლებლობასა და მნიშვნელოვან დიალოგზე, უგულებელყო ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს. მე ღრმად ვარ შეშფოთებული კანონის უარყოფითი ზემოქმედებით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმზე, დემოკრატიულ კონტროლზე, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოსაც.

თანაბრად შემაშფოთებელი რჩება დაშინების, ძალის არაპროპორციული გამოყენებისა და სტიგმატიზაციის ნარატივების აშკარა დაუსჯელობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ისეთი პრაქტიკის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ევროპის საბჭო კვლავ სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები