შვედეთი უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 60$ მლნ-ზე მეტს გამოყოფს
შვედეთი უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 60 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის ენერგოსისტემის მხარდაჭერა ელექტროენერგიის მომარაგებას შეუწყობს ხელს, რაც საშუალებას მისცემს უკრაინულ ობიექტებს, როგორიცაა – სკოლები, საავადმყოფოები, ტრანსპორტი, წყალმომარაგება და ბიზნესი – გააგრძელონ მუშაობა.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის, იოჰან ფორსელის განცხადებით, ენერგიის ხელმისაწვდომობა უკრაინის საზოგადოების, ეკონომიკისა და ბიზნესის ზრდისთვის გადამწყვეტია.
“რუსეთი ეტაპობრივად მიზანმიმართულ დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ელექტროსისტემის სექტორზე, რათა მნიშვნელოვანი სოციალური ინფრასტრუქტურა ჩაშალოს. უკრაინის გამძლეობის გასაზრდელად, ჩვენ ვაფართოებთ მხარდაჭერას ენერგეტიკის ინდუსტრიისთვის”, – თქვა მინისტრმა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული შვედური პაკეტი ორ ნაწილად იქნება დაყოფილი: 500 მილიონი შვედური კრონი გამოყოფილი იქნება ენერგეტიკული საზოგადოების ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდის მიერ უკრაინისთვის, ხოლო 150 მილიონი შვედური კრონი გაეროს განვითარების პროგრამის მიერ იქნება გამოყოფილი.