გივი მიქანაძე: ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ, იმიტომ რომ გამჭვირვალობის კანონი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ, იმიტომ რომ ეს კანონი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
გივი მიქანაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილი გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებს არ დაურთავს.
„ზოგადად, ვეტო უნდა იყოს არგუმენტირებული შენიშვნებით, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს არანაირი შენიშვნების წარმოდგენას. შესაბამისად, ამით ის თავის თავზე იღებს კიდევ ერთ პასუხისმგებლობას. თუკი ის რაიმე არგუმენტირებულ შენიშვნას წარმოადგენდა, მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისია ამჟამად მუშაობს ამ დოკუმენტის ექსპერტიზაზე და შეიძლება უახლოეს 1-2 კვირაში, ზუსტად ამ ვეტოს პარალელურად წარმოადგინოს წინასწარი დასკვნა. თუკი ეს არგუმენტირებული იქნება და აისახება იმ პოზიციაში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი [წარადგენს], თუკი წარმოადგენს არგუმენტირებულ შენიშვნებს, [შესაძლოა ეს] გახდეს განხილვის საგანი. მაგრამ თუ პრეზიდენტი ამაზე უარს ამბობს, პასუხისმგებლობა მთლიანად მასზე გადადის“, – განაცხადა მიქანაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.