ნინო წილოსანი – ოპოზიციას: ვის გაქვთ უფლება, ახალგაზრდები დაყოთ აქციის მონაწილეებად და მოღალატეებად, როგორ ბედავთ – აკერმანისეული ტაქტიკით უნივერსიტეტის ჩატებში ავრცელოთ ინფორმაცია – „უერთდები აქციას თუ ხარ მოღალატე”
„მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც აქციაზე დგანან და მივმართავ იმ ახალგაზარდებსაც, ვინც თავის პოლიტიკურ აქტივიზმს ქუჩაში არ გამოხატავს და სჯერა, რომ საზოგადოების დემოკრატიული განვითარების გამოხატულებაა პოზიციის არჩევნებზე დაფიქსირება. მივმართავ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ამ უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ უწევთ იბრძოლონ და თავისი განსხვავებული პოზიცია დაიცვან, რადგან ნათელი დასანახია, რამხელა წნეხი მიემართება ყველას მიმართ, ვინც ამ ბინძური პროცესის ნაწილი არ არის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე.
ნინო წილოსანის თქმით, უამრავი ახალგაზრდაა, რომელიც დიდი წნეხის და შეურაცხყოფების მიუხედავად არ მოექცა მასების მართვის პროცესებში. მისი შეფასებით, დიდი გმირობაა ასეთ ვითარებაში მყარად დარჩე შენს პოზიციაზე და არ გადახვიდე სხვების ვიწრო ინტერესების დასაცავად, რომლებიც პატრიოტიზმის საფარს არიან ამოფარებულები.
„ვის გაქვთ უფლება ახალგაზრდები დაყოთ აქციის მონაწილეებად და მოღალატეებად. როგორ ბედავთ აკერმანისეული ტაქტიკით უნივერსიტეტის ჩატებში ავრცელოთ ინფორმაცია, რომ „უერთდები აქციას თუ ხარ მოღალატე” , ასეთ ჯგუფებად დაყოთ ახალგაზრდები თქვენ, უსამშობლოებო და ქვეყნის მოღალატეებო. როცა აქციის მონაწილეები ბათუმში სკოლასთან მიდიან და სკოლის მოსწავლეებს მოუწოდებენ გამოვიდნენ და შეუერთდნენ აქციას, იქ ვხვდებით რამდენად უსუსურია თქვენი მცდელობა, ქართული კანონი გაყიდოთ რუსულად”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
ნინო წილოსანის განცხადებით, არავის აქვს უფლება, გმირი წინაპრების ნაშენები ქვეყანა დაანგრიოს.
„ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ სლოგანებს ამოფარებულებმა რევოლუციები მოაწყოთ! ქვეყანა თავის ადგილას დგას, ქვეყანა დაიცავს თავის სუვერენიტეტს , დაიცავს თავის ისტორიას და დამოუკიდებლობას”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.