ირაკლი ქადაგიშვილი: ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი მიიჩნევენ საჭიროდ, სახელმწიფოსთან წინასწარ შეათანხმონ
ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი მიიჩნევენ საჭიროდ, სახელმწიფოსთან წინასწარ შეათანხმონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, “საქართველოზე კოლექტიური შემოტევაა”.
„კოლექტიური შემოტევაა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. ჩამოდიან მიტინგის გასამხნევებლად, ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი მიიჩნევენ საჭიროდ, სახელმწიფოსთან რაიმე წინასწარი კონსულტაცია გასწიონ და წინასწარი თანხმობა ჰქონდეთ. ყოველ წელს ჟიგიმანტას პავილიონისის ანგაჟირებული განცხადებები გვახსოვს, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს მიიღებ თუ არა. მთავარია, მათი მიზანია, რომ საქართველოში ისეთი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც წინა პლანზე ქვეყნის ინტერესებს არ დააყენებს. საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება ეს არის და ჰგონიათ, რომ ფერადი რევოლუციები უნდა მოუწყონ სახელმწიფოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ხვალ საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან.