არჩილ თალაკვაძე: ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტის დაცვისთვის ვინმეს სანქციებს თუ დაუწესებენ, ამის ნამდვილად არ გვეშინია
“ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც თავად აქვთ მიღებული დასავლურ დემოკრატიებს, ვინმეს სანქციებს თუ დაუწესებენ, ასეთი სანქციების ნამდვილად არ გვეშინია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციები მეგობრების წინააღმდეგ არ მიიღება.
„პრემიერმინისტრმა ამომწურავი კომენტარი გააკეთა და მეც დამატებით გეტყვით, რომ სანქციები მეგობრების წინააღმდეგ არ მიიღება და ეს კანონმდებლობა საქართველოს შიდა საქმეებს ეხება. შესაბამისად, სანქციების განხილვა სერიოზული არ იქნება ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს პარლამენტი და ხალხის არჩეული ხელისუფლება იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე მიიღო ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ და მსოფლიოს განვითარებულმა დემოკრატიებმა. თუმცა, რადგან დამაინტრიგებელი შეკითხვით მომმართეთ, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც თავად აქვთ მიღებული დასავლურ დემოკრატიებს, ვინმეს სანქციებს თუ დაუწესებენ, ასეთი სანქციების ნამდვილად არ გვეშინია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც სანქციებს კი არა, ბევრად მეტს გაუძლეს ჩვენმა წინაპრებმა, რათა დღეს ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი. ასე რომ, არ ველოდებით ამ სანქციებს, მეგობრების წინააღმდეგ სანქციებს არ იყენებენ, მაგრამ რადგან თქვენ მისვამთ ამ არამეგობრულ კითხვას, მაშინ ამისთვისაც მზად ვართ“, – განაცხადა თალაკვაძემ.