ნინო წილოსანი: ოპოზიციის წარმომადგენლები უნიათოები და სახედაკარგულები არიან როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ასევე, ქუჩის აქციების რეალობაშიც
“თუ ვინმეზეა სასაყვედურო, ეს არის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სრულიად უნიათოები და სახედაკარგულები არიან როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ასევე, ქუჩის აქციების რეალობაშიც”, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი ოპოზიციის განცხადებებს, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომა ერთ წუთში დასრულდა და მასზე ოპოზიციამ დასწრება ამიტომ ვერ შეძლო.
წილოსანის თქმით, რევოლუციურ სცენარში, ოპოზიცია ჩავარდნილი რგოლია.
„ფაქტობრივად მთელს ამ დაორგანიზებულ რევოლუციურ სცენარში, ოპოზიცია ჩავარდნილი რგოლია. რამდენიც არ უნდა იმართლონ თავი და მოიშველიონ რაღაც პროცედურული საკითხები, ისინი 09:00 საათზე იყვნენ პარლამენტში და ეს ადვილად დასტურდება მათივე ლაივებით. უბრალოდ ვერ, თუ არ მოახერხეს და არ შევიდნენ კომიტეტზე, შესაბამისად არ დაესწრნენ სხდომას. თუ ვინმეზეა სასაყვედურო, ეს არის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სრულიად უნიათოები და სახედაკარგულები არიან როგორც საპარლამენტო ცხოვრებაში, ასევე ქუჩის აქციების რეალობაშიც“, – აღნიშნა წილოსანმა.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ. როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, კომიტეტის სხდომა, რომელზეც იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, არალეგიტიმურია.