კახა კალაძე – ოპოზიციაზე: ეს ადამიანები არ შეცვლილან, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იგივე ბოროტებას ჩადიოდნენ

ეს ადამიანები არ შეცვლილან, იგივე ადამიანები არიან – როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იგივე ბოროტებას ჩადიოდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს ყველა განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანზე.

„ვინ იყო ის, ვინც ასაჯაროებდა პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრებს? ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც გადადიოდნენ პირად შეურაცხყოფაზე, უგზავნიდნენ წერილებს ყველა იმ ადამიანს, ვისაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა? ეს შეიძლება, ყოფილიყო სპორტსმენი, ფეხბურთელი, მომღერალი, ხელოვანი, არ აქვს, მნიშვნელობა, ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა. უამრავი ადამიანი ვიცი, ვისაც პირდაპირ აშანტაჟებდნენ, ურეკავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, რადგან მათ უბრალოდ მათ სხვა მოსაზრება ჰქონდათ. ესე იგი, თუ შენ არ ეთანხმები მათ – უმცირესობას, რომელსაც დღეს ისინი წარმოადგენენ, ხარ ქვეყნის მტერი. ეს იარლიყების მიკერება არის ჩვეულებრივი ფაშისტური ქმედებები. ეს ადამიანები არ შეცვლილან, იგივე ადამიანები არიან – როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, იგივე ბოროტებას ჩადიოდნენ. უფრო მძაფრად ახორციელებდნენ ქმედებებს, კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს მათ უბრალოდ, ამდენი რესურსი არ აქვთ, მაგრამ რა შესაძლებლობებიც გააჩნიათ, არ იშლიან ამ ყველაფერს. ეს არის მათი რეალური სახე და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ადამიანები დააშინონ, ვისაც სხვა მოსაზრებები და შეხედულებები აქვთ ამ კონკრეტულ მიმდინარე თემებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები