„მესამე რაიხის პატარძლების სკოლა“ – როგორ ქმნიდნენ ნაცისტები „ახალ ქალს“

ტოტალიტარული სახელმწიფოს ერთ-ერთი მახასიათებელი მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევაა. ამით განსაკუთრებით ცნობილი მესამე რაიხი გახდა, რომელიც გერმანიაში 1933 წლიდან 1945 წლამდე არსებობდა. ადამიანების ცხოვრების ყველა ასპექტი მკაცრად იყო მოწესრიგებული, მათ შორის, ოჯახური ურთიერთობები. აბსოლუტურად გასაგებია, რომ ერთადერთი მიზანი, რასაც ნაცისტები მისდევდნენ, მათი ძალაუფლების განმტკიცება იყო.

მშვიდობიან მოსახლეობას შორის იდეების გასავრცელებლად, ნაცისტებმა მრავალი ორგანიზაცია და ინსტიტუტი დააარსეს, რომელშიც სხვადასხვა ასაკისა და სქესის გერმანელები შედიოდნენ. ერთ-ერთი მათგანი „მესამე რაიხის პატარძლების სკოლა“ გახლდათ. სკოლის მიზანი იყო, შეექმნათ „ახალი ქალი“, რომელიც შესანიშნავად მოერგებოდა ნაცისტურ იდეოლოგიას.

„ახალი ქალის“ კონცეფცია უკვე არსებობდა. ის გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ს ეკუთვნის. ერთხელ მონარქმა თქვა, რომ ნამდვილი გერმანელი ქალის ცხოვრება 3 კომპონენტისგან უნდა შედგებოდეს – „Kinder, Küche, Kirche“ („ბავშვები, სამზარეულო, ეკლესია“). ნაცისტებს მოეწონათ ეს იდეა.

1934 წელს ჰერმან გერინგი თავის წიგნში „მუშათა ბრძოლის ცხრა მცნება“ ქალებს მიმართავდა: „აიღეთ ქვაბი,  ნაგვის ასაღები, ცოცხი და დაქორწინდით“. ჰიტლერის თანამოაზრეები თვლიდნენ, რომ ქალების ადგილი არ იყო პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მეცნიერებაში. ბუნებით წინასწარ განსაზღვრული მოვალეობაა, ემსახურო კაცს, მოუაროს სახლს და აღზარდო შვილები. იდეოლოგები შეიჭრნენ გერმანელი ქალების საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში; დაადგინეს, როგორ უნდა ჩაეცვათ და მოქცეულიყვნენ..

განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ ქალბატონები, რომლებიც ნაცისტური პარტიის NSDAP-ის წევრები ან პარტიის წევრების ცოლები იყვნენ. მათ ეკრძალებოდათ პროვოკაციული სამოსის ტარება, კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება და მოწევა. განქორწინება, ასევე, მიუღებელი იყო. ქალები, რომლებიც ოჯახებს ტოვებდნენ, გარყვნილებად ითვლებოდნენ.

საბოლოოდ, გერმანელი ქალისა და უცხოელის ურთიერთობა სერიოზულ დანაშაულში გადაიზარდა. განსაკუთრებულ დანაშაულად ითვლებოდა კონტაქტები სხვა რასის კაცებთან და ებრაელებთან. ასეთ ქალებს საზოგადოებაში აკრიტიკებდნენ, მოგვიანებით კი, საჯაროდ ამცირებდნენ. არცთუ იშვიათი იყო გერმანელი ქალის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნა ასეთი ურთიერთობისთვის.

იმისთვის, რომ გოგონებს სურვილი არ გასჩენოდათ, პოლიტიკაში, ბიზნესში ან მეცნიერებაში კარიერა დაეწყოთ, რაიხში ქალთა უმაღლესი განათლება აიკრძალა. მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს მხოლოდ სავალდებულო საშუალო განათლება უნდა მიეღოთ. ამის შემდეგ გზა „პატარძლების სკოლამდე“ მიდიოდა, სადაც მესამე რაიხისთვის „იდეალური ქალები“ იზრდებოდნენ.

გერტრუდ შოლც-კლინკი

პირველი ასეთი სკოლა 1937 წელს გაიხსნა. მისი დამფუძნებელი იყო გერტრუდ შოლც-კლინკი, რომელიც NSDAP-ის ქალთა განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მალე დედაქალაქში კიდევ რამდენიმე ასეთი სკოლა გამოჩნდა, შემდეგ კი, მათი მთელ გერმანიაში გახსნა დაიწყეს.

იდეალური ქალი, ნაცისტური პარტიის ლიდერების აზრით, სახელმწიფოს მიერ არჩეული კურსის მხარდამჭერი უნდა ყოფილიყო. მას უნდა ეღიარებინა მხოლოდ NSDAP-ის მიერ განსაზღვრული იდეოლოგია და ეს ესწავლებინა შვილებისთვის. სკოლაში მიღება მაქსიმალურად პომპეზურად ხდებოდა. სტუდენტების რიგების წინ ნაცისტურ ბანერებს ატარებდნენ, შემდეგ კი, თითოეულ მათგანს ჰიტლერის ერთგულების ფიცი უნდა დაედო.

სასწავლო პროგრამა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ იდეოლოგიით. გოგონებს ასწავლიდნენ დიასახლისობას: კულინარიას, კერვას, ბავშვის მოვლას და მებაღეობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ქმრის მომსახურებას. იდეალურ გერმანელ ქალებს ასწავლიდნენ სამხედრო ფორმების რეცხვას და გაუთოებას, ფეხსაცმლის გაწმენდას და იარაღის მოწესრიგებასაც კი. პატრიოტიზმის მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად, ტარდებოდა ლიტერატურის გაკვეთილები, სადაც სწავლობდნენ ეროვნულ ფოლკლორს – გერმანულ ლეგენდებს, ზღაპრებსა და პოეზიას. მათ არ დაივიწყეს არც ფიზიკური მომზადება.

სრული კურსის გავლის შემდეგ ქალები გამოცდებს აბარებდნენ. ამის შემდეგ მათ „იდეალურობის“ დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემოდათ. ითვლებოდა, რომ ასეთი დოკუმენტი, ღირსეული ადამიანის გვერდით, ნათელი და ბედნიერი მომავლის ბილეთი იყო. ნაცისტების ლიდერების თქმით, გოგონები, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს, ოფიცრების ცოლები უნდა გამხდარიყვნენ.

საბედნიეროდ, დრომ მალევე შეცვალა ნაცისტური გეგმები. ომის დასასრულს რაიხს მუშახელის დეფიციტი დაეწყო. პრინციპი: „ბავშვები, სამზარეულო, ეკლესია“ უკანა პლანზე გადავიდა და ქალებმა ქარხნებსა თუ საავადმყოფოებში მუშაობა დაიწყეს. 1944 წლის ბოლოს გერმანელებს საერთოდ აღარ ჰქონდათ „გოგონების სკოლების ინტერესი და ისინი გააუქმეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები